მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შეძლებს თუ არა მთავრობა სამწლიანი პაუზის შემდეგ ბაქო-სუფსის მილსადენის ამუშავებას?
შეძლებს თუ არა მთავრობა სამწლიანი პაუზის შემდეგ ბაქო-სუფსის მილსადენის ამუშავებას?

შეძლებს თუ არა მთავრობა სამწლიანი პაუზის შემდეგ ბაქო-სუფსის მილსადენის ამუშავებას?

BM.GE24 მაისი, 2026, 20:02|bm.ge

მთავრობა გაჩერებული ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ამუშავებას გვპირდება. მილსადენი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სრულად გაჩერებულია, წელიწადში საშუალოდ 4 მლნ ტონა აზერბაიჯანულ ნავთობს ატარებდა. ტრანზიტის შეწყვეტის მიზეზად მილსადენის უკვე ყოფილი ოპერატორი BP [British Petroleum] შავ ზღვაში უსაფრთხოების პრობლემას ასახელებდა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ნავთობსადენის ამუშავებით ყოველწლიურად საქართველო დაახლოებით 10 მლნ ლარის შემოსავალს მიიღებს. კობახიძის თქმითვე, ბაქო-სუფსით ყაზახური ნავთობის გატარებაც იგეგმება.

"მთავარი არის ის, რომ იგი 3 წლის მანძილზე გაჩერებული იყო. ეს იყო ათეულობით მილიონი ლარის პოტენციური შემოსავალი, რასაც ქვეყანა ვერ იღებდა. რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ სავარაუდოდ, მათ შორის ყაზახური ნავთობპროდუქტების გატარების საფუძველზეც, ეს მილსადენი სათანადოდ ამოქმედდება, საიდანაც სერიოზული შემოსავლები შემოვა. დანარჩენი, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანული მხარის საქმე და ჩვენი საერთო შეთანხმებების საგანია, თუ რომელი ქვეყნიდან მოხდება ნავთობპროდუქტების გატარება და ასე შემდეგ. თუმცა მთლიანობაში, მთავარი არის ის, რომ წლების მანძილზე გაჩერებული მილსადენი ამოქმედდება და აქედან ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად ათეულობით მილიონ შემოსავალს მიიღებს", - აცხადებს კობახიძე.

ბაქო-სუფსა არის ნაწილი იმ შეთანხმებებისა, რაც მიმდინარე კვირაში პრემიერის ხელმძღვანელობით ბაქოში ოფიციალური ვიზიტისას გაფორმდა. გაზისა და ელექტროენერგიის გარდა, აზერბაიჯანულ მხარესთან ამ ნავთობსადენზეც მოხდა შეთანხმება. აზერბაიჯან-საქართველოს მთავრობების ერთობლივ კომუნიკეში აღნიშნულია, რომ SOCAR-სა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის ხელი საოპერაციო შეთანხმების პირობებს მოეწერა, რომლითაც მილსადენის ოპერირება განისაზღვრება. შეთანხმების პირობები კომერციული საიდუმლოა და ქართული მხარე მის შინაარსზე არ საუბრობს. კობახიძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ საქართველოს მონაკვეთი ქვეყნის საკუთრებაში რჩება და აზერბაიჯანული მხარე მის ოპერირებას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი (WREP), რომელიც ბაქო-სუფსის სახელით არის ცნობილი, საქართველოზე გამავალი ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია. მილსადენის საშუალებით აზერბაიჯანში კასპიის ზღვის ჩირაგის საბადოდან მოპოვებული ნავთობი საქართველოში სუფსის ტერმინალამდე მიდის. 1999 წელს გახსნილი მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, აქედან 375 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ბაქო-სუფსის ნავთობსადენი პოლიტიკური მნიშვნელობის პროექტია, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველი მილსადენია, რომლითაც აზერბაიჯანული ნავთობი რუსეთის გვერდის ავლით ევროპულ ბაზარზე ხვდება.

"ეს მილსადენი ექსპლუატაციაში 1999 წელს შევიდა. მისი საპროექტო გამტარიანობა წელიწადში დაახლოებით 7 მლნ ტონა ნავთობი იყო, თუმცაღა 7 მლნ ტონის გატარება არასდროს დაფიქსირებულა. მაქსიმუმი 2021 წელს იყო, როცა დაახლოებით 4 მლნ ტონა გაატარეს. ამ ნავთობსადენს გარკვეული ტექნიკური პრობლემები ჰქონდა და დროდადრო ჩერდებოდა, თუმცა მისი გარემონტება და ოპერირება მაინც ხდებოდა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ტრანსპორტირება შეჩერდა და, ძალიან მცირე მოცულობებს თუ არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას, რომ 2023–2024 წლებში გაჩერებული იყო. ტექნიკურად, რა თქმა უნდა, მისი ოპერირება შესაძლებელია და არანაირი პრობლემა არ არის. შეიძლება აღდგენა არც დასჭირდეს, ან მხოლოდ გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები გახდეს საჭირო", - გვეუბნება ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი.

ყაზახეთი რომ ბაქო-სუფსის მილსადენით არის დაინტერესებული, ამაზე წლებია ყაზახური და აზერბაიჯანული მხარე ღიად საუბრობს. 2024 წელს აზერბაიჯანულ სამთავრობო მედიას “ყაზმუნაიგაზის” გამგეობის თავმჯდომარე, მაგზუმ მირზაგალიევმა უთხრა, რომ ამ საკითხზე აზერბაიჯანთან მუშაობენ.

"ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სიგრძის დაახლოებით მესამედი ჩვენს ტერიტორიაზე გადის. ასე რომ, ეს საკმაოდ სერიოზული შემოსავალია ქვეყნისთვის. ყაზახეთი უკვე ძალიან არის დაინტერესებული ამ ხაზით. მას შეუძლია ნავთობი გარკვეულწილად საზღვაო და არასაზღვაო გზებით შემოიტანოს და ამ ხაზზე გადაერთოს", - აცხადებს ენერგეტიკოსი გია არაბიძე.

აზერბაიჯანული მედია ასევე წერდა, რომ ნავთობის მცირე მოცულობების გადასაზიდად ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს უკვე იყენებს.

"ეს მილსადენი ჩვენი საკუთრებაა და ყოველთვის ჩვენი იყო. მოგეხსენებათ, რომ ამ მილსადენის დატვირთვა ჩვენ არ შეგვიძლია, რადგან არ გვაქვს ჩვენი ნავთობი. ამიტომ უნდა დატვირთოს აზერბაიჯანულმა მხარემ. აზერბაიჯანული მხარე საკუთარი ნავთობით დატვირთავს თუ ყაზახეთის, ნამდვილად არ ვიცი. ჩვენთვის მთავარია დაიტვირთოს და ტრანზიტიდან მივიღოთ შემოსავალი", - ამბობს ენერგეტიკოსი პაატა ცინცაძე.

მიზეზი, რის გამოც ყაზახეთი ბაქო-სუფსით დაინტერესდა, ისევ უკრაინის ომია. წლების განმავლობაში ყაზახური ნავთობისთვის დასავლურ ბაზრებზე წვდომა მხოლოდ რუსეთის გავლით იყო შესაძლებელი, რადგან ქვეყნის ძირითადი ექსპორტი კასპიის მილსადენის კონსორციუმის ნავთობსადენით (CPC) ნოვოროსიისკის პორტის გავლით ხდებოდა. რუსეთმა მილსადენთან დაკავშირებით ხელოვნურად ტექნიკური პრობლემების შექმნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ყაზახეთმა ომს ღიად მხარი არ დაუჭირა. ამის შემდეგ ფიქრი ალტერნატიულ მარშრუტებზე დაიწყო. საქართველოს გავლით დაიწყება უკვე ყაზახური ნავთობის ტრანზიტი და სრულად დაიტვირთება თუ არა ბაქო-სუფსის მილსადენი ეს შემდეგ თვეებში გამოჩნდება, თუმცა რა პირობებით გაივლის მილსადენში ყაზახური თუ აზერბაიჯანული ნავთობი, ეს კომერციული საიდუმლოს საბაბით, უცნობი რჩება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE