Shein დავის მოსაგვარებლად აშშ-ის მარეგულირებელს $100 მილიონს გადაუხდის
Reuters-ის ცნობით, ჩინური ონლაინ ვაჭრობის გიგანტი Shein-ი მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის შესახებ აშშ-ის პრეტენზიების ჩასაცხრობად და დავის მოსაგვარებლად $100 მილიონს გადაიხდის.
საქმე მიწოდების ვადების, პროდუქტის შეფასებებისა და ბამბის წარმომავლობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ეხებოდა.
ფედერალური სავაჭრო კომისიის მონაცემებით, სწრაფი მიწოდების დაპირების მიუხედავად, ათობით ათასი მომხმარებელი ამანათებს დღეებისა და თვეების დაგვიანებით იღებდა, ზოგ შემთხვევაში კი მყიდველს შეკვეთა საერთოდ არ მისდიოდა. ამას გარდა, კომპანია უარყოფით შეფასებებს ბლოკავდა ან შლიდა და ცალკეულ პროდუქტებში გამოყენებული ბამბის წარმომავლობას არასწორად უთითებდა.
ფედერალური სავაჭრო კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკული მარეგულირებელი მიღებულ თანხას მომხმარებელთა ზარალის ასანაზღაურებლად გამოიყენებს.
Shein-ის პრესსპიკერის განცხადებით, კომპანიამ ბრალეულობა არ აღიარა და ფედერალური სავაჭრო კომისიის პრეტენზიების ნაწილს, მორიგების მიუხედავად, მაინც არ ეთანხმება. კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ შეთანხმების ფარგლებში Shein-ი მომხმარებელთა მომსახურების პრაქტიკისა და რეგულაციებთან შესაბამისობის მექანიზმების გაძლიერებაზე იმუშავებს.
