
Shein-მა ჰონგ-კონგის ბირჟაზე აქციების განთავსების ნებართვა მიიღო
ჩინეთის მარეგულირებელმა ორგანომ "Shein Global Holdings Ltd."-ს ჰონგ-კონგში აქციების პირველადი საჯარო განთავსების (IPO) ნებართვა მისცა, რითაც ბირჟაზე გასასვლელად სწრაფი მოდის გიგანტის მრავალწლიანი ძალისხმევა დასრულდა.
ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის (CSRC) განცხადების თანახმად, Shein ჰონგ-კონგის IPO-ს ფარგლებში 341.6 მილიონამდე H ტიპის აქციის გაყიდვას გეგმავს.
საკითხში ჩახედული პირების განცხადებით, კომპანია IPO-ს ფარგლებში რამდენიმე მილიარდი დოლარის მოზიდვას განიხილავს, თუმცა საბოლოო თანხა დამოკიდებული კომპანიის საბაზრო შეფასებაზე იქნება. წყაროების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, კონკრეტული ვადები დადგენილი არ არის და აქციების განთავსება შესაძლოა კიდევ გადაიხედოს.
გასულ წელს ინფორმირებულმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ Shein აქციონერების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, რათა საკუთარი საბაზრო შეფასება დაახლოებით 30 მილიარდ დოლარამდე შეემცირებინა მაშინ, როდესაც წარსულში მისი ღირებულება ამ მაჩვენებელზე სამჯერ მეტად ფასდებოდა.
მას შემდეგ, რაც კომპანიის საბაზრო ღირებულებამ იკლო, Shein უშედეგოდ ცდილობდა აქციების განთავსებას აშშ-სა და ლონდონში, რის შემდეგაც, გასულ წელს, ყურადღება ჰონგ-კონგზე გადაიტანა. მიმდინარე წელს ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟა დაახლოებით 6%-ით შემცირდა, თუმცა მისი IPO ბაზარი აქტიურია და პირველადი აქციების გაყიდვით უკვე თითქმის 35 მილიარდი დოლარია მოზიდული.
ორი წლის წინ, აშშ-ში ბირჟაზე გასვლის Shein-ის საწყისი გეგმა მიწოდების ჯაჭვისა და შრომითი პრაქტიკის მიმართ გაჩენილი კითხვების გამო ჩაიშალა, ხოლო ლონდონის ბირჟაზე უარის თქმა მას შემდეგ მოუწიათ, რაც ჩინეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა კომპანიას თანხმობა არ მისცა.
კომპანიამ თავისი სათავო ოფისი სინგაპურში 2021 წელს გადაიტანა, თუმცა ის კვლავ CSRC-ის ზედამხედველობის ქვეშ რჩება. ეს განპირობებულია იმით, რომ მარეგულირებელი ყველა იმ ფირმის შემოწმებას მოითხოვს, რომლებსაც მნიშვნელოვანი კავშირები აქვთ ჩინეთთან (მაშინაც კი, თუ ისინი არ არიან რეგისტრირებულნი ქვეყანაში), სანამ ისინი მსოფლიოს ნებისმიერ ბირჟაზე განათავსებენ აქციებს.