
შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერ კორუფციულ დანაშაულთან და ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს - ირაკლი კობახიძე
"უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჩვენ არაერთი საფრთხე ავიცილეთ თავიდან", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია ანტიკორუფციული ღონისძიებები.“ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის შედეგებს ჩვენი საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს. ჩვენ მომავალშიც შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი სახის კორუფციულ დანაშაულთან და კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს.ყველა ამ მიღწევაში განსაკუთრებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა როლი, რომელთა სათანადო დაფასება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ სამუშაო პირობები, გავზარდეთ ანაზღაურება და განვამტკიცეთ სოციალური დაცვის გარანტიები სამსახურში, რაზე ზრუნვასაც მომავალშიც გავაგრძელებთ.მადლობას ვუხდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ბატონ გეკა გელაძეს, სამსახურის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს. თქვენი პატრიოტიზმი, ღირსება და პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს ჩვენი შვილების უსაფრთხო მომავალს.კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და საქართველოს მთავრობის სახელით სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ!”, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის უმთავრესი ფუნდამენტი მშვიდობა და სტაბილურობაა, რაც სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის ყოველდღიურ ძალისხმევას ეფუძნება.
"11 წლის წინ შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - ინსტიტუტი, რომელიც უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის საქმეში.მშვიდობის სადარაჯოზე დგომა ყოველდღიურად მაღალ რისკს უკავშირდება. პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული გმირი ოფიცრების ხსოვნას. დღეს მსოფლიოში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების ფონზე, უცხოური სპეცსამსახურებისა და დესტრუქციული ძალების მცდელობები, გამოეწვიათ ქვეყნის დესტაბილიზაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, წარმატებით აღიკვეთა. თუმცა, საფრთხეები არ გამქრალა. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენი ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია საოკუპაციო ზოლის გასწვრივ დესტრუქციულ ქმედებებზე მყისიერი რეაგირება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge