
სიძვირე და დაყოვნება VS პოლიტიკური სტაბილურობა - რა (არ) აქვს შუა დერეფანს?
სიძვირე და დაყოვნება „შუა დერეფნის“ მთავარი გამოწვევებია - ასე აფასებს საავტომობილო გადაზიდვების ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ნემსაძე საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის მთავარ გამოწვევებს.
ნემსაძე ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტის კრიზისმა კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რომ „შუა დერეფანი“ მიუხედავად თავისი სირთულეებისა, იმ დერეფნების ერთ-ერთ ალტერნატივად უნდა დარჩეს, რომლებიც მანამდე არსებობდნენ.
საავტომობილო გადაზიდვების ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს დერეფანში ტვირთის გადამისამართება საავტომობილო გადაზიდვებს ნაკლებად დაეტყო, განსხვავებით რკინიგზისგან, სადაც მაგალითად ივნისში რეკორდული - 1.3 მლნ ტონა ტვირთის გატარება მოხდა.
„ამას ორი მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ რკინიგზაზე მანამდე პასიურობა იყო და მთავარი, საქართველოს რკინიგზის სისტემაში განხორციელებულმა ადმინისტრაციულმა ცვლილებებმა ვფიქრობ, შედეგი გამოიღო. რაც შეეხება საავტომობილო მიმართულებას. ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შედეგები აჩვენებს, რომ გასულ წელს საავტომობილო გადაზიდვებში მცირე კლება გვქონდა, ახლა მცირე ზრდაა. ეს სტატიკურ მდგომარეობად შეიძლება ჩაითვალოს, რაც არ არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენ ზრდაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი, მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ საერთაშორისო ტვირთმფლობელები, ინვესტორები, დამკვეთები უფრო ირწმუნებენ, რომ „შუა დერეფანი“ მნიშვნელოვანი დერეფანია, მიუხედავად სირთულეებისა“, - ამბობს ნემსაძე.
საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე დერეფნის დადებით და უარყოფით მხარეებზეც საუბრობს და ფიქრობს, რომ მთავარი მიმზიდველობა მაინც პოლიტიკური სტაბილურობაა.
"შუა დერეფანი არის მულტიმოდალური დერეფანი, სადაც გადამზიდავებს ტვირთების საზღვაო და სახმელეთო მარშრუტებზე გადაწყობა უწევთ, რაც დროსა და ფულად დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამ დერეფანში მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ მოკლე ვადაში, მაქსიმალურად იაფად მოხდება ტვირთების გატარება. დღეს „შუა დერეფნის“ მთავარი გამოწვევა არის ის სიძვირე და დაყოვნება, რითაც ის გამოირჩევა სხვა დერეფნების მიმართულებით. თუმცა მისი პლუსი არის პოლიტიკური სტაბილურობა - ამ დერეფანში მონაწილე ქვეყნებმა მრავალჯერ დაადასტურეს, რომ ერთგულნი რჩებიან ერთმანეთთან თანამშრომლობისა და დეკლარირებულად აცხადებენ, რომ ამ დერეფნის განვითარებაში ჩადებენ ინვესტიციებს“, - ამბობს ნემსაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge