
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა
სილქ როუდ ჯგუფმა მოიპოვა Global Banking & Markets-ის (GBM) 2026 წლის ჯილდო ” წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქცია ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და თურქეთის რეგიონში”.
საერთაშორისო აღიარება ჯგუფის მიერ 2025 წლის ოქტომბერში 400 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციების ემისიას უკავშირდება. ტრანზაქცია საქართველოს კერძო სექტორის ისტორიაში კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე მასშტაბური გამოშვებაა და ქვეყნის საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე დაბრუნების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
ობლიგაციებზე ინვესტორთა მოთხოვნამ 1.3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ემისიის მოცულობას დაახლოებით 3.25-ჯერ აღემატებოდა. ტრანზაქციაში 78 ინვესტორი მონაწილეობდა, ხოლო ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.5%-ით განისაზღვრა.
”მოხარული ვართ, რომ მივიღეთ ეს ჯილდო და იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში სილქ როუდ ჯგუფის პროექტების შესახებ კიდევ არაერთ სასიხარულო სიახლეს გაგიზიარებთ.” - გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.
ტრანზაქციის განხორციელებაში წამყვანი როლი შეასრულეს საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებმა JPMorgan-მა და UBS-მა, Galt & Taggart-თან, Oppenheimer-თან და TBC Capital-თან ერთად. იურიდიულ კონსულტაციას უზრუნველყოფდნენ Dentons და Baker McKenzie. ობლიგაციები დაშვებულია ვაჭრობაზე Euronext Dublin-ის გლობალურ საბირჟო ბაზარზე (GEM).
Global Banking & Markets-ის CEE, Central Asia & Türkiye Awards 2026 ყოველწლიურად გამოარჩევს რეგიონის კაპიტალის ბაზრებზე განხორციელებულ მნიშვნელოვან ტრანზაქციებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს. დაჯილდოება აერთიანებს საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებას და ხელს უწყობს რეგიონის ფინანსური ბაზრების საერთაშორისო ცნობადობისა და საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას.
BM.GE
წყარო: bm.ge