
სკანდინავიის სამ დედაქალაქში საქართველოს ტურისტული ბანერები განთავსდა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სკანდინავიის ქვეყნებში ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს.
უწყების ინფორმაციით, კოპენჰაგენის, ოსლოსა და სტოკჰოლმის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების, ამსახველი გარე სარეკლამო ბანერები უკვე გამოჩნდა. ჯამში, რეკლამა სამივე ქალაქში 500-მდე ლოკაციაზეა განთავსებული.
ამ ეტაპზე უცნობია, რა თანხა დაჯდა აღნიშნული მარკეტინგული კამპანია - ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას პროექტის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია.
საქსტატის მონაცემებით, სამივე ქვეყნიდან (დანია, შვედეთი, ნორვეგია) 2026 წლის პირველ ნახევარში ჯამში 8 444 ვიზიტი განხორციელდა, 2025 წელს კი - 16 448 ვიზიტი. ამასთან, 2025 წელს სამივე სკანდინავიური ქვეყნიდან ვიზიტების ჯამური რაოდენობა 2019 წლის პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 5 640-ით, ანუ 25.5%-ით ნაკლები იყო.
წელს ყველაზე მეტი ტურისტი ქვეყანაში შვედეთიდან შემოვიდა, საიდანაც ვიზიტორთა რაოდენობა 3 557-ს აღწევს, მეორე ადგილზეა ნორვეგია - 2 785 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე დანია, საიდანაც 2 102 ტურისტი შემოვიდა.
BM.GE
წყარო: bm.ge