
„სკოლა მხოლოდ შენობა არ არის“ - დღეს 21-ე საჯარო სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ
დღეს, 22 სექტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის 21-ე საჯარო სკოლის (ყოფილი მე-6 გიმნაზია) ეზოში (პეტრიაშვილის ქ. N7) საპროტესტო აქცია გაიმართება. სასკოლო საზოგადოება, მოქმედი და ყოფილი მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და სკოლის გულშემატკივრები შენობის სრული დემონტაჟის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.
შენობაში სასწავლო პროცესი ახალი, 2026/2027 სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში, 18 სექტემბერს შეჩერდა. სკოლის ადმინისტრაციამ შესაბამისი ინფორმაცია 17 სექტემბერს მიიღო.
სასწავლო პროცესის შეჩერებისა და შენობის მოსალოდნელი დემონტაჟის საფუძველი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც გაიცა რეკომენდაცია შენობის სრული დემონტაჟის შესახებ.
სასკოლო საზოგადოება სამხარაულის ბიუროს დასკვნას სრულ უნდობლობას უცხადებს და აცხადებს, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.
მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგების ნაწილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან სამ ძირითად მოთხოვნას აყენებენ:
• ალტერნატიული სივრცის გამოყოფა უმოკლეს ვადაში - სივრცემ უნდა უზრუნველყოს 2026/2027 სასწავლო წლის გეგმის, გერმანული ენის გაძლიერებული პროგრამისა და ინკლუზიური სწავლების ხარისხიანად განხორციელება; • დამოუკიდებელი ექსპერტიზა - არსებული დასკვნის განხილვა-შეფასება დარგის სპეციალისტების ჩართულობით, ასევე ახალი, კომპლექსური საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით; • რეაბილიტაცია დემონტაჟის ნაცვლად - საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, შენობის გამაგრება-რეაბილიტაცია და არა მისი დანგრევა.
თბილისის 21-ე საჯარო სკოლა (მე-6 გიმნაზია) 1982 წელს ბატონ გურამ რამიშვილის იდეით დაფუძნდა, რაც თავისუფალი, კრიტიკულად მოაზროვნე და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდას ისახავდა მიზნად.
დაფუძნების დღიდან სკოლა მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობის ფარგლებში ისწავლონ გერმანული ენა და მიიღონ ევროპული განათლება. გარდა ამისა, 21-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთი პირველია საქართველოში, სადაც ინკლუზიური განათლების პროგრამა დაინერგა და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.
BM.GE
წყარო: bm.ge