სკოლებში ტელეფონების აკრძალვა მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას "ზომიერად" აუმჯობესებს - კვლევა
უახლესი მასშტაბური კვლევის თანახმად, აშშ-ის სკოლებში მობილურ ტელეფონებზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვები - კერძოდ, მოთხოვნა, რომ მოსწავლეებმა მთელი სასწავლო დღის განმავლობაში ტელეფონები სპეციალურ ჩაკეტილ ჩანთებში შეინახონ - აკადემიური მოსწრების მცირე გაუმჯობესებას იწვევს.
მკვლევრების განცხადებით, თუ სკოლები ტელეფონების აკრძალვის პრაქტიკას გააგრძელებენ, შედეგები შესაძლოა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.
ჰარვარდის განათლების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მკაცრი შეზღუდვების მქონე სკოლებში მოსწავლეთა აკადემიური ზრდა "ზომიერად" გაუმჯობესდა იმ სკოლებთან შედარებით, სადაც ასეთი წესები არ მოქმედებს.
კვლევამ, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 4 600 სკოლის 3.3 მილიონი მოსწავლის ტესტირების შედეგები გაანალიზდა, დაადგინა, რომ მიღწეული პროგრესი სასწავლო წლის განმავლობაში დამატებით დაახლოებით ერთ ან ორკვირიან სწავლებას უტოლდება.
მოსწავლეთა მოსწრება გლობალურად 2013 წლიდან ეცემა - პერიოდიდან, როდესაც სოციალურ ქსელებთან ინტეგრირებული სმარტფონები ფართოდ გავრცელდა. კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ჰარვარდის პროფესორ თომას კეინის თქმით, მკვლევრებს სურდათ გაერკვიათ, იცვლება თუ არა ეს კლებადი ტენდენცია მას შემდეგ, რაც სკოლებმა ტელეფონების შეზღუდვა დაიწყეს.
"ჩვენი პასუხია - დიახ, ტელეფონების აკრძალვას დადებითი გავლენა აქვს პროგრესზე, თუმცა ეს პანაცეა არ არის", - განაცხადა კეინმა. მან აღნიშნა, რომ ცოდნის კარგვა ათწლეულის განმავლობაში ეტაპობრივად მიმდინარეობდა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ შედეგების გამოსწორებაც ეტაპობრივი იქნება. კვლევა ბოლო ხუთი სასწავლო წლის განმავლობაში მე-4-დან მე-10 კლასის ჩათვლით მათემატიკისა და კითხვის ტესტების მონაცემებს ეყრდნობა.
"მიუხედავად იმისა, რომ სკოლები მოსწრების მყისიერ და მკვეთრ ზრდას არ უნდა ელოდონ, მოსწავლეთა ტელეფონების შენახვა თეფექტური გზაა ყოველწლიურად 1-2-კვირიანი სწავლების ეფექტის მისაღებად, რაც დროთა განმავლობაში შესაძლოა დაგროვდეს, ისევე როგორც ეს საწყისი ვარდნის დროს მოხდა", - ნათქვამია კვლევაში.
კვლევის მიხედვით, ეს გაუმჯობესება ტესტების ქულების იმ წლიური კლების დაახლოებით ნახევარს ანაზღაურებს, რაც სმარტფონების საყოველთაო გავრცელების შემდეგ ფიქსირდება.
ეს კვლევა, რომელიც რეალობის სირთულეს ასახავს, იმ ფონზე გამოქვეყნდა, როდესაც აშშ-ის 40-ზე მეტმა შტატმა სკოლებში მობილური ტელეფონების შეზღუდვის შესახებ კანონი ოფიციალურად მიიღო.
შტატებში კანონები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება და ხშირად სკოლებს საკუთარი პოლიტიკის შემუშავების უფლებას აძლევს, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით არაერთგვაროვანი წესები და აღსრულების მექანიზმები მოქმედებს.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლებს შეუძლიათ ტელეფონები სპეციალურ ჩანთებში ჩაკეტონ ან ზურგჩანთებში შეანახვინონ, გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს, რომ მათ ციფრული სამყაროს სრულად დაბლოკვა არ შეუძლიათ. ამასთან, ტელეფონებსა და სწავლის პროცესს შორის კავშირი სრულად ცალსახა არ არის.
მაისში გამოქვეყნებულმა სხვა კვლევამ დაასკვნა, რომ სკოლებში ტელეფონების მკაცრ აკრძალვას ტესტების შედეგებზე "თითქმის ნულოვანი" გავლენა ჰქონდა. აღნიშნულ კვლევაში აკრძალვის მქონე სკოლები ათიათასობით სხვა სკოლას შეადარეს.
ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს (NBER) კვლევამ ჰარვარდის კვლევისგან განსხვავებული სტანდარტიზებული ტესტების მონაცემები, ტელეფონების GPS-აქტივობა, მასწავლებელთა გამოკითხვები და ჩასაკეტი ჩანთების წამყვანი მწარმოებლის, Yondr-ის მონაცემები შეისწავლა იმ 4 600 სკოლაში, სადაც ეს ჩანთები გამოიყენება.
კვლევამ სამი წლის განმავლობაში უფროსკლასელთა ტესტების შედეგებში "ზომიერი დადებითი ეფექტი" დააფიქსირა, განსაკუთრებით მათემატიკაში. თუმცა ანგარიშის ავტორებმა - სტენფორდის, მიჩიგანის, დიუკისა და პენსილვანიის უნივერსიტეტების მკვლევრებმა - თავი შეიკავეს იმ დასკვნისგან, რომ აკრძალვებს სწავლის პროცესზე ზოგადი სარგებელი მოაქვს.
