ევროპას ახალი მთავარი ბანკირი ჰყავს! - ვინ არის პაბლო ერნანდეს დე კოსი?
ევროპას ახალი მთავარი ბანკირი ჰყავს - მსოფლიოს სიდიდით მეორე ყველაზე გავლენიან საფინანსო ინსტიტუტს ევროზონის ლიდერებმა ახალი ხელმძღვანელი შეურჩიეს.
ადამიანი, რომელიც კრისტინ ლაგარდს შეცვლის და გახდება ისტორიაში პირველი ესპანელი ეკონომისტი, რომელიც ასეთ საპასუხისმგებლო პოზიციას დაიკავებს.
ვინ არის პაბლო ერნანდეს დე კოსი, რა ვიცით მისი პიროვნებისა და შეხედულებების შესახებ და უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ის ლაგარდის კურსის შეცვლის - ამ კითხვებზე პასუხს ამ სტატიიდან მიიღებთ.
ბრიუსელში თვეების განმავლობაში მიმდინარე დახურული მოლაპარაკებები დასრულდა. მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებმა საკუთარ კანდიდატს, კლაას კნოტს მხარდაჭერა აღარ გამოუცხადა და პროცესს სრულად ჩაეხნსა, ევროზონის ქვეყნებმა პაბლო ერნანდეს დე კოსს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
აღსანიშნავია, რომ მადრიდში ეს გადაწყვეტილება მორიგ ისტორიულ ტრიუმფად შეფასდა, რადგან ჯერ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია დაიკავა წარმოშობით ესპანელმა პოლიტიკოსმა, შემდეგ ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელის და ახლა უკვე ესპანელ ლიდერსვე ჩაჰბარდება ევროპის მთავარი ფინანსური ინსტიტუტიც.
საყურადღებოა, რომ დე კოსის შერჩევას წინ საინტერესო გარიგებაც უძღოდა. ესპანეთის ხელისუფლებამ საფრანგეთსა და გერმანიას საკუთარი კანდიდატურების მაღალ ეშელონებში გაყვანის გარანტია მისცა. ექვსკაციან აღმასრულებელ საბჭოში მთავარი ეკონომისტის პოსტს გერმანელი მარკუს ბრუნერმაიერმა ჩაიბარებს, საბაზრო ოპერაციები კი ფრანგი ლორანს ბუნის ზედამხედველობის ქვეშ გადავა.
როგორც ეს ორი პირი, ისე თავად კოსი ახლა დეკემბრის სამიტს დაელოდებიან, სადაც მათ ოფიციალურად დაამტკიცებენ. 7 თებერვალს კი ისინი ოფიციალურად შეუდგებიან საქმიანობას.
სხვათა შორის, ესპანელი ბანკირი ECB-ს რიგით მეხუთე პრეზიდენტი გახდება და ის პოსტს 8 წლით დაიკავებს.
თავად პაბლო ერნანდეს დე კოსი 55 წლის ესპანელი ეკონომისტი და იურისტია. წინამორბედისაგან განსხვავებით, არის ეკონომიკის დოქტორი და 2025 წლიდან საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკს ხელმძღვანელობდა. მანამდე ის ექვსი წლის განმავლობაში ესპანეთის ცენტრალური ბანკის მმართველი იყო. კარიერის ადრეულ ეტაპზე კი თავად ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს მრჩევლად მუშაობდა.
საინტერესო ფაქტია, რომ პაბლო ერნანდეს დე კოსი წმინდად ტექნოკრატია და არავითარი პოლიტიკური წარსული არ გააჩნია. რაც კიდევ უფრო საინტერესოა, მას სამშობლოში საკმაოდ მყარი რეპუტაცია აქვს. როცა ქვეყანაში იმის განხილვა დაიწყო, თუ ვინ დაეყენებინათ კანდიდატურად ესპანეთიდან, ქვეყნის როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე პარტიებმა კოსს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ესპანელმა რადიკალმა მემარცხენეებმაც კი აღიარეს, რომ მისი საქმიანობა უნაკლო იყო და რომ მას ეკონომიკა უბადლოდ ესმის.
აღსანიშნავია, რომ დე კოსი კრიზისების მოგვარების ვეტერანად მიიჩნევა. მისი დამსახურებაა, რომ ბოლო ათწლეულში ესპანეთის საბანკო სექტორი ჩამოქცევას გადარჩა. მის დროს გაირა ქვეყანამ ურთულესი პანდემიური პერიოდი. მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაატარა ქვეყანას განაკვეთების ყველაზე სწრაფი ზრდის ციკლი ესპანეთის ისტორიაში.
ანალიტიკოსები მას მარიო დრაგის სტილის ბანკირად მიიჩნევენ. დე კოსი დიდ ყურადღებას უთმობს ეკონომიკურ ზრდას, ფინანსურ სტაბილურობასა და ევროზონის ფრაგმენტაციის რისკების შემცირებას. ის პრაგმატულ და დამოუკიდებელ ცენტრისტად ხასიათდება.
პრაგმატულობა კი ის უნარია, რომელიც ახალ ხელმძღვანელს აუცილებლად დასჭირდება. დასჭირდება, რადგან მემკვიდრეობით ურთულესი ეკონომიკური რეალობა ხვდება. პირველი და ყველაზე მწვავე გამოწვევა ინფლაციაა: ირანის ომით გამოწვეულმა ენერგორესურსების გაძვირებამ 21-ქვეყნიან ევროზონაში ფასების 4%-მდე ზრდა გამოიწვია. ეს მაშინ, როცა ECB-ს მიზნობრივი მაჩვენებელი 2%-ია.
მეორე დიდი პრობლემა კოსისთვის სახელმწიფო ვალები იქნება, განსაკუთრებით საფრანგეთში, სადაც მთავრობა ბიუჯეტის დამტკიცებას ახლაც კი ვერ ახერხებს. როგორც ცნობილია, საფრანგეთის ვალი მომავალ წელს მშპ-ს 122%-ს მიაღწევს - ანუ ევროკავშირის დასაშვებ ლიმიტზე ორჯერ მეტს. კოსისთვის პრობლემა იქნება საბიუჯეტო კრიზისი ბელგიაშიც.
ამ ეკონომიკურ წნეხს ემატება ამერიკული ტარიფების საფრთხე, ჩინეთის მძაფრი კონკურენცია და 2027 წლის ევროპის დიდი საარჩევნო ციკლები.
კითხვაზე, შეძლებს თუ ვერა ასეთი ვითარების ფონზე დე კოსი კრისტინ ლაგარდისგან განსხვავებული პოლიტიკის გატარებას, ანალიტიკოსების პასუხი ერთია - ჯერჯერობით, არავითარი რადიკალური ცვლილებების მოლოდინი არ არსებობს. არ არსებობს, რადგან ამას ორი მყარი მიზეზი აქვს.
პირველი ინსტიტუციურია: განაკვეთებზე გადაწყვეტილებას დე კოსი ერთპიროვნულად ვერ და არ იღებს. მასთან ერთად პროცესში მონაწილეობს 27-წევრიანი მმართველი საბჭო. პრეზიდენტი მხოლოდ დღის წესრიგს ადგენს, მაგრამ საბოლოოდ ის მხოლოდ ერთ ხმას ფლობს და კონსენსუსს არ ეწინააღმდეგება ხოლმე.
მეორე მიზეზი წმინდად ეკონომიკურია: 4%-იანი ინფლაციის პირობებში ნებისმიერი პრეზიდენტი იძულებული იქნება, მკაცრი ხაზი შეინარჩუნოს.
რეალურად, მთავარი განსხვავება დე კოსსა და მის წინამორბედს შორის არა კურსში, არამედ სტილში იქნება. თუ კრისტინ ლაგარდი პირველ რიგში პოლიტიკური ფიგურა და კომუნიკატორი იყო, 18 მარტიდან მონეტარული პოლიტიკის პირველ სხდომას გამოცდილი ეკონომისტი და კონსენსუსის მიღწევის უნარით გამორჩეული ლიდერი გაუძღვება.
