
სუბლიმირებული ხილი ლაგოდეხიდან - „იმერი“ და GDB Agro ერთობლივ პროექტს ავითარებენ
კომპანია „იმერის“ წარმოებული სუბლიმირებული ხილი ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდა. თემაზე BMGTV-ის გადაცემა „საქმიანი დილა“ ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა კიკნაძემ და GDB Agro-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ ისაუბრეს.
როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, ლაგოდეხის ნოყიერ მიწაზე, თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, GDB Agro პროდუქტს აწარმოებს, რომელსაც შემდეგ კომპანია „იმერი“ მომხმარებელს აწვდის.
მათი თქმით, ორი ქართული კომპანიის თანამშრომლობა თანამედროვე სოფლის მეურნეობის წარმოებასა და ხარისხიანი პროდუქციის ეფექტიან მიწოდებას აერთიანებს, რაც ხელს ბაზარზე მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას უწყობს. განსაკუთრებული ყურადღება სუბლიმირებული ხილის მიმართულებას ეთმობა, რომელიც „იმერის“ ახალ და სწრაფად მზარდ პროდუქტად პოზიციონირდება.
ნიკა კიკნაძის თქმით, სუბლიმირებული ხილი უკვე წარმოდგენილია ქსელურ მარკეტებში და ონლაინ გაყიდვებშიც აქტიურად იყიდება.
"დაგვემატა კიდევ ერთი მიმართულება - სუბლიმირებული ხილი, რომელიც საკმაოდ კარგად იყიდება "ევროპროდუქტის" ქსელში, "ფრესკოში" და ჩვენს საიტზე Imeri2020.ge-ზე. ეს არის მინუს 60 გრადუსზე გაყინული, ვაკუუმში გამომშრალი ხილი, რომელიც სრულად ინარჩუნებს თავის ტექსტურას. ამ პროდუქტმა ბაზარზე ფაქტობრივად სრული ანშლაგი მოახდინა", - აღნიშნა ნიკა კიკნაძემ.
GDB Agro-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ივა ჭყონიას განცხადებით, კომპანია აქტიურად მუშაობს ნიშურ პროდუქტებზე და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით ცდილობს ახალი მიმართულებების განვითარებას.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის პროდუქციის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასით მიწოდებაა, რის გამოც კომპანია ლოგისტიკური ხარჯების შემცირებასაც გეგმავს.
„მომავალ წლიდან GDB Agro-ს ელექტრომობილი დაემატება სამაცივრე ტემპერატურული რეჟიმით, რაც მიწოდების პროცესს გააუმჯობესებს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევამციროთ თვითღირებულება, რათა პროდუქტი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.
კომპანიების შეფასებით, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში სუბლიმირებული პროდუქციის ბაზრის განვითარებას და ადგილობრივი აგროპროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
BM.GE
წყარო: bm.ge