
„სუპერ სამშაბათი“ გაფართოებისთვის - მოლდოვასთან და უკრაინასთან მე-6 კლასტერი გაიხსნა
14 ივლისს მოლდოვასა და უკრაინასთან გაფართოების მე-6 კლასტერი გაიხსნა, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოს ერთ-ერთ ძირითად თემატურ კლასტერს და განსაზღვრავს, როგორ უნდა დააახლოონ კანდიდატმა ქვეყნებმა თავიანთი საგარეო, სავაჭრო და თავდაცვის პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა აღნიშნა, რომ დღეს „სუპერ სამშაბათია“ გაფართოებისთვის. მან მედიასთან კომენტარი ბრიუსელში გააკეთა, სადაც დღეს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან ოთხი მთავრობათაშორისი კონფერენცია გაიმართა.
როგორც კოსმა თქვა, მოლდოვა, უკრაინა, მონტენეგრო და ალბანეთი შემდეგ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამენ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
"ორ ათწლეულზე მეტია, რაც ერთ დღეში ოთხი გაწევრიანების კონფერენცია არ გვქონია და ეს დღეს მოხდება.
მოლდოვისა და უკრაინისთვის ჩვენ გავხსნით მე-6 კლასტერს, რომელიც ეხება საგარეო ურთიერთობებს. ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, ეს ასევე ეხება თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლას. ორივე ქვეყანა შეიტანს წვლილს ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურაში.
ეს გარდამტეხი მომენტია ალბანეთისთვის თავების დახურვის დაწყებით, და, რა თქმა უნდა, ჩვენი ლიდერი, მონტენეგრო, დღეს კიდევ ორი თავის დახურვით, სულ 33-დან 18-ს ხურავს, რაც ნახევარზე მეტია.
ასე რომ, მართლაც, ეს არის დღე საზეიმოდ, მაგრამ ასევე დღე მომავლისკენ საყურებლად, კიდევ უფრო მეტი მუშაობისთვის. ჩვენ გვაქვს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ქვეყნები ასრულებენ თავის ვალდებულებებს, და ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ“,- განაცხადა კოსმა.
BM.GE
წყარო: bm.ge