სუროგაციის აკრძალვის საკითხში საპატრიარქო და ხელისუფლება თანაბრად დამნაშავეა და ეს ხმამაღლა უნდა ითქვას|რომან გოცირიძე
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და ეკონომისტი რომან გოცირიძე სუროგაციის სრულად აკრძალვის ინიციატივას აკრიტიკებს და მას „არაჰუმანურ“ და „ანტიადამიანურ“ აქტს უწოდებს.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, ასევე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ ხელისუფლება დარგის ცივილიზებული რეგულირების ნაცვლად აკრძალვის გზას ირჩევს, რაც მთავრობასა და საპატრიარქოს შორის არსებული პოლიტიკური გარიგების შედეგია.
საკანონმდებლო ინიციატივების მოტივებზე საუბრისას ექს-პარლამენტარმა პარალელი სათამაშო ბიზნესისთვის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებთან გაავლო და აღნიშნა, რომ თუკი კაზინოების შემთხვევაში კონკრეტული ფინანსური ინტერესი იკვეთებოდა, სუროგაციის აკრძალვით ქვეყნის ეკონომიკას პირდაპირი ზიანი ადგება.
რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ეკლესიასთან დათმობაზე წასვლა და საპატრიარქოს გულის მოგება - მას შემდეგ, რაც მთავრობამ კაზინოების შესახებ კანონზე პატრიარქის პროტესტი არ გაითვალისწინა - სწორედ სუროგაციის სფეროს ხარჯზე გადაწყვიტა.
„ამაში დამნაშავე არის საქართველოს ეკლესია, საპატრიარქო და ხელისუფლება. ნაცვლად იმისა, რომ საპატრიარქოს ბოლომდე მიეყვანა საკითხი თუნდაც კაზინოებთან დაკავშირებით, როდესაც კანონზე პრეზიდენტს ხელი არ ჰქონდა მოწერილი, საპატრიარქომ უმაღლეს დონეზე გააპროტესტა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ პრეზიდენტმა მაინც მოაწერა ხელი; ახლა ხელისუფლებამ მოინდომა დათმობაზე წასვლა და მათი გულის მოგება. მიადგნენ ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეს აჩენენ. ეს არის არაჰუმანური, არაადამიანური გადაწყვეტილება - სიცოცხლეს ებრძვიან“, - აღნიშნა ყოფილმა დეპუტატმა.
ყოფილი დეპუტატის აზრით, მთავარი პრობლემა სახელმწიფოს მხრიდან სფეროს ადმინისტრირების უუნარობაა. როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, მთავრობა იმ დარგების აკრძალვას ირჩევს, რომელთა გამართულად დარეგულირებასაც ვერ ახერხებს - მათ შორის, მედიკამენტების ბაზრის მსგავსად.
„რისი რეგულირებისა და წესიერი გზით მართვის უნარიც არ აქვთ, მას კრძალავენ. გახსოვთ, რა სიტუაცია იყო მედიკამენტების რეცეპტებით გაცემასთან დაკავშირებით? - შემოიღეს რეცეპტები, ვერ შეძლეს კონტროლი, მედიკამენტები ძალიან გაძვირდა და ფაქტობრივად ის კამპანია დამთავრდა. ახლა ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს და მათ, ვისაც თუნდაც უძილობის პრობლემა აქვს - ეტლში მყოფ და ჩავარდნილ ადამიანებს - ორ კვირაში ერთხელ აიძულებენ, მივიდნენ ექიმთან და იშვიათ ფსიქოტროპულ აფთიაქებში, რომ წამალი აიღონ. იგივეა ახლაც - სუროგაციის სფეროს ცივილიზებულად ვერ მოუარეს და აკრძალეს“, - განაცხადა მან.
ამასთან, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში რომან გოცირიძემ საზოგადოებას პრინციპულობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ კრიტიკა თანაბრად უნდა ეხებოდეს როგორც ხელისუფლებას, ისე - საპატრიარქოს.
„ბავშვი არ არის პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა გზით მოევლინა ამ ქვეყანას. არც მისი ღირსება, არც მისი მომავალი და არც მისი უფლება, უყვარდეთ და მიიღონ, არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. თუ დღეს ხელისუფლების პოზიციას ვაკრიტიკებთ, იგივე პრინციპულობა ეკლესიის მიმართაც უნდა გამოვიჩინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრინციპულობა კი არა, შერჩევითი კრიტიკულობაა - ვაკრიტიკებთ არა მიუღებელ აზრს, არამედ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთა გაკრიტიკებაც ჩვენთვის დასაშვებია. დღეს საპატრიარქო და ხელისუფლება თანაბრად დამნაშავეა და ეს ხმამაღლა უნდა ითქვას“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
