
ღარიბაშვილი არ აღიარებს წარდგენილ ბრალს, აპირებს სამართლებრივ ბრძოლას - ადვოკატი - Netgazeti
„ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება ოფიციალურად წარედგინა. ადვოკატმა მედიასთან თქვა, რომ მან ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა, არ აღიარებს ბრალს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას.
მედიასთან ღარიბაშვილის ადვოკატებმა, ნათია თამაზაშვილმა და ლილი გელაშვილმა განაცხადეს, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია.
„დღეს წარედგინა ბრალი. ბრიფინგზე როგორც გაცხადდა, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები, პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ქრთამის აღება. ხელიც კი არ მოუწერა ბრალის დადგენილებას, ის არ აღიარებს წარდგენილ ბრალს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას. […] მან განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდი. ამის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა და მიხვდა, რომ ამდაგვარ რაღაცას უმზადებდნენ, მას შემდეგ, რაც ეს შემონათვალი იყო და წერილი, რომელიც მან გამოაქვეყნა. შესაბამისად, თქვენ დასვით ასეთი კითხვა, რომ აბა, რითია ეს ყველაფერი განპირობებული, მისი ცალსახა პოზიციაა, აცხადებს, გიცხადებთ და ალბათ კიდევ თვითონაც გააცხადებს შემდეგში, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა მის მიმართ… როგორც ადვოკატს, მიმაჩნია, რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი“, – ამბობს ადვოკატი ლილი გელაშვილი.
ნათია თამაზაშვილი „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ მიმდინარე პროცესები პოლიტიკურია და მას სამართალთან კავშირი არ აქვს:
„ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ამ საქმესთან დაკავშირებით, არის ის, რომ ამას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს სრულად არის პოლიტიკური პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი. […] არალოგიკურია მიმდინარე პროცესები, არარსებულ ბრალზეა საერთოდ საუბარი და რა უნდა ვთქვა დამატებით, გარდა იმისა, რომ ეს არის სრულად პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური დევნილია ირაკლი დღეს“.
პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინეს.
უწყების მტკიცებით, 12 აგვისტოს პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მომართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც.
პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა.
პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს.
პირველად გამოქვეყნებულ პოსტში ყოფილმა პრემიერმა დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში მიიღო წერილი, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ. ამავე განცხადებაში ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ეკისრება.
18 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში ის ივანიშვილის აღარ ახსენებს და ამბობს, რომ წინა დღით Facebook-ზე გამოქვეყნებული წერილი ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.
ღარიბაშვილი ჰყვება, რომ იმავე დღეს მდინარაძეს გააგებინა თავისი პოზიცია და „კიდევ ერთხელ დაუფიქსირა“, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას. წერილის მიხედვით, საპასუხოდ „მათ“ შეუთვალეს, რომ „მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა.
ღარიბაშვილის მტკიცებით, კორუფციულ დანაშაულზე ბრალი სწორედ ამ რისკის დასაზღვევად წარუდგინეს. ღარიბაშვილს მდინარაძემაც უპასუხა.
20 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ღარიბაშვილმა „ოცნებას“ მიმართა და თქვა, რომ მოუწყვეს „ბინძური პროვოკაცია“; „არაკაცური მახე“ დაუგეს; მოატყუეს და გაწირეს; აუწიოკეს ოჯახი; სახლში შეუვარდნენ მის მშობლებს; ასევე სიმამრის ოჯახს. ამავე წერილში ის ამბობს, რომ მეორედ მიიღო მინიშნება მამამისის დაჭერასთან დაკავშირებით.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge