
თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის სფეროებში│რა წერია საქართველო-ტაჯიკეთის კომუნიკეში?
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა,ყოველმხრივ გააღრმაონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტრანზიტის და აგრარულ სფეროებში, ასევე – მეცნიერებისა და განათლების, კულტურის, ტურიზმის, ჯანდაცვის, სპორტის და ახალგაზრდული პოლიტიკის დარგებში.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს მოცემულ ეტაპზე უზარმაზარი პოტენციალი და დინამიკური განვითარებისთვის ფართო პერსპექტივა გააჩნია.
2026 წლის 19-20 ივნისს შედგა ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. კომუნიკეში ყურადღება გამახვილებულია ვიზიტის მნიშვნელობაზე.“ნდობისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში გამართული მოლაპარაკებების პროცესში მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ვიზიტის მნიშვნელობა, რომლითაც ახალი გვერდი გადაიშალა ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში.
ეყრდნობიან რა ორი ქვეყნის ხალხებს შორის მტკიცე ისტორიულ კავშირებსა და მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს და ითვალისწინებენ ტაჯიკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ 1994 წლის 4 აგვისტოს ოქმის ურღვეობას, დარწმუნებულნი იმაში, რომ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის თანმიმდევრულად განმტკიცება ორივე ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს ემსახურება, და ასევე ესწრაფვიან პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას და თანამშრომლობის ეფექტიანობის ამაღლებას იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, რომელთა წევრებიც არიან ტაჯიკეთის რესპუბლიკა და საქართველო, მხარეები აცხადებენ შემდეგს: ტაჯიკეთის რესპუბლიკამ და საქართველომ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები და ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებისა და გაფართოებისთვის მტკიცე მზადყოფნა გამოხატეს. სახელმწიფოები ხელმძღვანელობენ რა სუვერენიტეტის პატივისცემის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებით, თანმიმდევრულად განავითარებენ ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.
მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი ყველა დონეზე პოლიტიკური კონტაქტების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნეს ტაჯიკეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის საქმიანობის გააქტიურების აუცილებლობა”, - აღნიშნულია დოკუმენტში.
BM.GE
წყარო: bm.ge