
"ტარიფზეც გარკვეული შვება იქნება" - დავით ნარმანია მესტიის გამრიცხველიანებაზე
"გამომდინარე იქიდან, რომ აღრიცხვიანობის მოწესრიგების შემთხვევაში მოხმარება დაიკლებს, ეს შვებას მისცემს გადატვირთულ ქვესადგურებს და ხაზებს", - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ BMG-ს მესტიაში მაინინგთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც დავით ნარმანია აცხადებს, გამრიცხველიანება და მაინინგის მიზნით, ელექტროენერგიის კომერციულ მოხმარებაზე შესაბამისი ტარიფის დარიცხვა უმნიშვნელოვანესია.
"გამომდინარე იქიდან, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში ძალიან მაღალი მოხმარებაა, შესაბამისად, გადატვირთულია ქვესადგურები, გადატვირთულია ხაზები. ეს იწვევს მომხმარებლებისთვის დისკომფორტს, იმიტომ რომ ხშირია ავარიები, ელექტროენერგიის გათიშვა. გარდა ამისა, ძაბვის ხარისხიც არ პასუხობს დადგენილ მოთხოვნებს, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ის, რომ მომხმარებელი მოექცეს შესაბამის წესებში და ჩარჩოებში. მომხმარებლებისთვის, რომლებისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი შეღავათები მთავრობის მიერ, რა თქმა უნდა, ისინი საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოიხმარენ ამ ენერგიას და არა კრიპტომაინინგისთვის. კრიპტომაინინგი ცალსახად კომერციული საქმიანობაა, შესაბამისად, ვინც ამგვარი საქმიანობით იქნება დაკავებული, ის ელექტროენერგია უნდა იყოს აღრიცხული და, შესაბამისად, კომერციული ტარიფით უნდა იქნეს გადახდილი, ისევე როგორც სხვა კომერციული ტიპის ობიექტები იხდიან. ეს არის მნიშვნელოვანი, ამიტომ გამრიცხველიანება იქნება პროცესი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენს მოიხმარს მოსახლეობა, რამდენს მოიხმარს კომერციული სექტორი და შესაბამისად უნდა მოხდეს მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვა", - ამბობს დავით ნარმანია.
BM.GE-ს კითხვაზე, გამრიცხველიანებასთან დაკავშირებული ხარჯები ხომ არ გამოიწვევს ტარიფის ზრდას, ნარმანია ამბობს, რომ დღეს არსებული მდგომარეობა აწვება სამომხმარებლო ტარიფს და, შესაბამისად, ტარიფზეც გარკვეული შვება იქნება. მისი განმარტებით, ტარიფის კლებას არ უნდა ველოდოთ, თუმცა "გარკვეული შეღავათი იქნება".
"გამომდინარე იქიდან, რომ აღრიცხვიანობის მოწესრიგების შემთხვევაში მოხმარება დაიკლებს, ეს შვებას მისცემს გადატვირთულ ქვესადგურებს და ხაზებს. გარდა ამისა, როცა იქნება შესაბამისი გადახდები, განსაკუთრებით კომერციული სექტორის მხრიდან, მერე უკვე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ „ენერგო-პროს“ მივცეთ შესაბამისი დავალებები ქსელის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ქვესადგურების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მას იქ გადასახადი ვერ ამოაქვს, ვერც ჩვენ ვავალებთ იმას, რომ მოაწესრიგოს იქ ინფრასტრუქტურა, თუმცა ამ გადახდების ამოღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას ვალდებულება ექნება, რომ მიხედოს ელექტროენერგიის ხარისხს და უწყვეტობას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მთავრობის მიერ, 1-ელ ივნისს გაჟღერებული გადაწყვეტილებით, კრიპტომაინინგის პრობლების აღმოსაფხვრელად, მესტიაში მოსახლეობა გამრიცხველიანდება.
BM.GE
წყარო: bm.ge