თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს - პოლიტიკოსების განცხადებები
თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც შეკრებილებს პოლიტიკოსებმა და დაპატიმრებული მომიტინგეების ოჯახის წევრებმა მიმართეს.
დღევანდელი აქცია უკავშირდება "ქართული ოცნების" მიერ ორი წლის წინ, 2024 წლის 28 ნოემბერს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ცვლილებები გარდაუვალია.
"მიხარია, რომ აქ გხედავთ, მიხარია, რომ გხედავთ უამრავს. მიხარია, რომ ყოველ შემდეგ აქციაზე ვართ მეტი და მეტი. ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი გამოცდა - გამოცდა რაოდენობაზე. ეს ვთქვით წინაც და გვაქვს მეტი რაოდენობა. შემდეგი გამოსვლა იქნება და უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი რაოდენობა. და ცვლილება არის აქ, ჰაერში, და როგორც კი ვიქნებით კიდევ უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია! ჩვენ შეიძლება ჩაგვამწყვდიონ ციხის საკნებში, როგორც ძვირფასი ელენეს [დევიძე] ძმა, რომელმაც დღეს დაწერა: გთხოვთ, ნუ მიატოვებთ ჩემს მეგობრებს და ჩემს ოჯახის წევრებსო. მე აქედან მინდა ვუთხრა: არასდროს! არ მიგატოვებთ არცერთს! ვინც ციხეში ხართ, არცერთს! ვინც აქ არის, გარეთ და თქვენზე ღელავს. თქვენ მთავარი ხალხი ხართ ახლა, ჩვენი სამშობლოს მთავარი ბურჯები და თქვენ აქ დგახართ, ვგრძნობთ თქვენს აქ ყოფნას . თქვენ ხართ უხილავი დამსწრეები და მთავარი ხალხი დღეს. ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა იმათი, ვინც იქ დატოვეს, როგორც ქოცების, ისევე მათი მოსამართლეების. ზოგიერთი სამარცხვინო მეგრელის, მაგალითად... აი, ამ ხალხს შეხედოს ყველამ და დაიმახსოვროს: ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი წინაპრების ანდერძის შესრულებისთვის ბრძოლას, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლას, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას! საქართველო ევროპაა! საქართველო ჩვენი დიდი წინაპრების დანატოვარი ანდერძის თანახმად, ქრისტიანულ, ევროპულ აკვანში უნდა დაბრუნდეს და ვერავინ ამაში წინ ვერ დაგვიდგება. საქართველო, ივანიშვილის გარეშე!", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ბოლომდე ცდილობს მმართველობა გაიხანგრძლივოს, მაგრამ ტყუილი აღარ ჭრის.
„მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი სანახავია ეს მოედანი დღეს. როცა ჩვენ, 2 წლის წინ, გამოგვიცხადეს რუსეთის სურვილი, საქართველოს ევროინტეგრაციის გზა შეჩერებულიყო, ძალიან კარგად მესმის ამ განცხადების მოსმენისას ჩემი და თქვენი სიმძიმე, მაგრამ ამავე დროს, იმ 28 ნოემბერს, ჩვენ, ყველამ ერთად, ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა განვაცხადეთ, რომ ეს გზა არ გაჩერდებოდა და ამ მომავალს ჩვენ ვერავინ წაგვართმევს. უმძიმესი 2 წელი გავიარეთ უპირველეს ყოვლისა, უმძიმესი იყო პოლიტიკური პატიმრებისთვის, მათი ოჯახებისთვის, ძალიან ბევრი ადამიანური ტრაგედია მოხდა - ფინანსური პრობლემები, რეპრესიები, მაგრამ ამ სულისკვეთების გაჩერება არ შეიძლება, ეს არ მოხდება, რადგან ეს არის ძალიან ბევრი თაობის ნატვრა, ძალიან ბევრი მსხვერპლია გაღებული იმისათვის, რომ საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა იყოს.
ის პარტია, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, სათავეშია, ბოლომდე ცდილობს თავისი ხელისუფლება გაიხანგრძლივოს. ტყუილში ცხოვრება ხალხს აღარ უნდა... ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებ, ეს ეტაპი არის ახლა, ეს დრო მოვიდა ახლა, ტყუილები აღარ ჭრის. როცა გვეუბნებიან, რომ ჩვენ სამართლიან ქვეყანაში ვცხოვრობთ, ბევრი უსამართლობაა, როცა გვეუბნებიან, რომ კორუფცია არ არის, უამრავი სამარცხვინო კორუფციული ამბავია და სწორედ მათი თანამებრძოლები ციხეში არიან. როცა გვეუბნებიან, რომ რუსეთთან მოთმინება, თავის დახრა ტერიტორიულ მთლიანობას ან თავისუფლებას მოიტანს ჩვენს ქვეყანაში, ეს ხომ არ არის სიმართლე, ამას ხომ ყველა ხვდება? ასევე, როცა ევროპას ლანძღავენ და თან გვეუბნებიან, რომ ევროინტეგრაციას ასე მივაღწევთ, ეს დიდი ტყუილია და ყველას კარგად გვესმის. ამიტომ, ახლა მხილების დრო კი არ არის, ცვლილების დროა. ამიტომ, ჩვენ ყველა და თქვენ პირველ რიგში, ვისაც სულისკვეთება გაქვთ, არ დაუშვებთ არასდროს იმას, რომ საქართველომ მისი საუკეთესო მომავალი დაკარგოს, ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა, გვინდა დემოკრატია, როგორიც არის ევროპაში და საქართველო არის ევროპა, საქართველო გაიმარჯვებს“, - განაცხადა წერეთელმა.
“თავისუფლების მოედნის” ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რომ ორგანიზებულ პოლიტიკურ ბრძოლაში კიდევ უფრო მეტი ადამიანია საჭირო.
“ეს პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ის გამოხატავს ჩვენს შეურიგებლობას, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პროტესტი არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ადამიანი ორგანიზებულ, სტრატეგიულ, პოლიტიკურ ბრძოლაში. ამიტომ იყო, რომ “თავისუფლების მოედანმა” ამ წლის დასაწყისში ვთქვით, რომ მთელ ქვეყანას შემოვივლიდით, რომ გაგვეერთიანებინა ამ ბრძოლაში ყველა მოქალაქე, რომელსაც უნდა ცვლილება. ამ პირობას ჩვენ ერთგულად ვასრულებთ. მინდა დაგპირდეთ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე. არა იმიტომ, რომ შურისძიება გამოძრავებს, არამედ იმიტომ, რომ მივიღოთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც სჭირდება ამ ქვეყნის მართვას. ჩვენ ვიქნებით ამ ბრძოლის წინა ხაზზე, ვიქნებით პროტესტშიც, პოლიტიკურ პროცესშიც, ვიქნებით დიპლომატიაშიც და ვიქნებით ყველგან, სადაც სჭირდება ეს საქართველოს თავისუფლების საქმეს. ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ ღირსეულ, მშვიდ ცხოვრებას და სამართლიან წესრიგს, სადაც საქართველოში ქვეყანა და მთავრობა ყოველთვის მოემსახურება ხალხს”, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
