
თბილისი, ბერლინი, ნიუ-იორკი: რას სთავაზობს სტუმრებს Kiketi Fest?
ქართული ფესტივალი Kiketi Fest, რომელიც 2023 წელს კიკეთის მუხის ტყეში დაიწყო, დღეს უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთაც აქტიურად ვითარდება და ქართული გამოცდილების მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაზიარებას ცდილობს.
როგორ იქცა ადგილობრივი სააგარაკე შეკრება საერთაშორისო ბრენდად და რა ელოდებათ სტუმრებს წინ - BMG-ის გადაცემა "საქმიან დილაში" Kiketi Fest-ის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა, რეზი პეტრიაშვილმა ისაუბრა.
როგორც რეზი პეტრიაშვილი აღნიშნავს, წელს Kiketi Fest-ი 15 აგვისტოს, ტრადიციულად კიკეთის მუხის ტყეში გაიმართება. ფესტივალის იდეა სწორედ ზაფხულის ცხელ დღეებში, თბილისთან ახლოს, სასიამოვნო სააგარაკე გარემოსა და გართობის სივრცის შექმნას უკავშირდება.
"Kiketi Fest-ი არის ტერიტორია მუხის ტყეში, სადაც ყველაფერი დაიწყო. იდეაც ეგ იყო, რომ ზაფხულში, აგვისტოს პერიოდში, როცა თბილისის გარშემო ნაკლებად არის გართობის, გაგრილებისა და სასიამოვნო დროის გატარების სივრცე, მუხის ტყეში დავპატიჟეთ ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ ეს კიკეთის იდეა და სააგარაკე სივრცე. წარმოვადგინეთ ადგილობრივი ღვინოები, იმიტომ რომ არის იქ უკვე ძალიან საინტერესო მარნები, ასევე შევეხმიანეთ ჩვენს კარგ, მცირე მეღვინეებს და ამით დაიწყო Kiketi Fest-ი.
ასევე ტერიტორიაზე წარმოდგენილია გასტრონომია, გემრიელად რომ მიირთვა და დანაყრდე. რა თქმა უნდა, გვექნება ნოდარიკო ხუციშვილის კონცერტიც. იქნება გრილზე მწვადის წვა, გემრიელი და არომატული ღვინოების მირთმევა თუ მუსიკის მოსმენა და სიმღერა - გავაერთიანეთ ეს ყველაფერი", - აცხადებს რეზი პეტრიაშვილი.
ორგანიზატორის თქმით, კიკეთს ყოველთვის ჰქონდა თავისი განსაკუთრებული საზაფხულო ატმოსფერო. სწორედ ამ გარემოს დამსახურებაა, რომ ფესტივალი, რომელიც თავდაპირველად 800-კაციანი შეკრებით დაიწყო, დღეს უკვე 4 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს.
"Kiketi Fest 2026, როგორც ვთქვით, 15 აგვისტოს ჩატარდება ჩვენს ჯადოსნურ ტყეში, სადაც სტუმრებს ტრადიციულად დახვდებათ 15-ზე მეტი მეღვინეობა, 5-6 ძალიან გემრიელი კვების ობიექტი, ასევე ნოდარიკოს კონცერტი. დღის განმავლობაში იქნება ძალიან სასიამოვნო, ხარისხიანი და გემოვნებიანი მუსიკა და ის ატმოსფერო, რომელიც კიკეთს აქვს", - აღნიშნავს ფესტივალის დამფუძნებელი.
ორი წლის განმავლობაში საქართველოში მოპოვებული წარმატების შემდეგ, ორგანიზატორებს გაუჩნდათ იდეა, რომ ქართული კულტურა და თანამედროვე ცხოვრების სტილი საერთაშორისო ასპარეზზეც გაეტანათ. პროექტის გლობალურ პლატფორმად ქცევისთვის პირველი ნაბიჯი გასულ წელს ბერლინში გადაიდგა.
"Kiketi Fest-ის ჩატარების მეორე წლის შემდეგ არ მასვენებდა ფიქრი, როგორ განგვევითარებინა ეს ნაწილი და მომივიდა იდეა, რომ რატომაც არა, ჩვენი ეს კულტურა და განსაკუთრებულობა თანამედროვე მსოფლიოს ვაჩვენოთ.
პირველი გამგზავრება იყო შარშან, ბერლინში. 6 ივლისს ჩავატარეთ ღონისძიება, რომელმაც უდიდესი დაინტერესება გამოიწვია - 2 000-ზე მეტი სტუმარი გვყავდა. წარმოდგენილი იყო 10-ზე მეტი ქართული მეღვინე. ასევე ჩვენს მეგობრებს აქვთ იქ ქართული რესტორნები და პოპ-აპ ღონისძიებებს აკეთებენ ხოლმე. სწორედ ისინი გავაერთიანეთ და იყო ნამდვილი ქართული და კიკეთური ბედნიერება და ზეიმი. ვინც იყვნენ საქართველოში Kiketi Fest-ზე, გვეკითხებოდნენ - როგორ მოახერხეთ, კიკეთი ასე 1-1-ში როგორ ჩამოიტანეთ ბერლინშიო.
ბერლინში სტუმრების დაახლოებით 40% იყვნენ ქართველები, დანარჩენები კი - უცხოელები და ტურისტები. უკუკავშირიც გვქონდა, რომ იქაურმა სტუმრებმა საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტეს. ეს ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ნაწილია", - აცხადებს პეტრიაშვილი.
მისივე განმარტებით, ფესტივალის საზღვარგარეთ გატანას ორი ძირითადი მიზანი აქვს: უცხოელებისთვის თანამედროვე ქართული კულტურის გაცნობა და ემიგრანტი ქართველებისთვის სამშობლოსთან ემოციური კავშირის აღდგენა. ამის მკაფიო მაგალითი წელს ნიუ-იორკში გამართული ღონისძიება აღმოჩნდა.
"ორი მიმართულება აქვს ამ ქვეყნიდან გასვლას: ერთი არის ჩვენი ქართველებისთვის, რომლებიც ხშირად ვერ ახერხებენ ქვეყანაში ჩამოსვლას, იმათთვის ერთგვარი სახლის გრძნობის გაჩენაა, ხოლო მეორე - უცხოელებისთვის ჩვენი კულტურისა და თანამედროვე ცხოვრების გაცნობა. ბერლინში ამის შეზავება იყო.
რაც შეეხება ნიუ-იორკს, რომელიც წელს გავაკეთეთ, იქ იყო უფრო ქართულ სენტიმენტებზე აგებული ღონისძიება - ცოტა ცრემლები, ბედნიერება... იქ ადამიანები უფრო იშვიათად ახერხებენ ჩამოსვლას, ამიტომ სტუმრების 80% ქართველები იყვნენ. იყო სიხარული, რომ სტუმრების ნაწილი ბავშვობაში კიკეთში ისვენებდნენ და "კიკეთი მოვიდა ახლა აქო" გვეუბნებოდნენ", - იხსენებს რეზი პეტრიაშვილი.
Kiketi Fest-ის ორგანიზატორები საერთაშორისო მასშტაბების გაფართოებას აქტიურად აგრძელებენ და უკვე ევროპის ახალ დედაქალაქებში ჩასასვლელად ემზადებიან.
"ვაპირებთ განვითარებას. ახლო მომავალში, შემოდგომაზე ვფიქრობთ ლისაბონსა და მადრიდში ჩატარებას. ზუსტად თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ შემოდგომაზე გვინდა, რომ გავაკეთოთ", - აღნიშნა გადაცემა "საქმიან დილაში" რეზი პეტრიაშვილმა.
BM.GE
წყარო: bm.ge