
„თბილისი ცენტრალის“ განვითარებაში ₾10 მლნ ჩაიდება - რას მოიცავს პროექტი?
საქართველოს რეკონსტრუქციის და განვითარების კომპანია (GRDC) 10 მლნ ლარის ინვესტიციით „თბილისი ცენტრალს“ განავითარებს. ევროპელი და ქართველი ინვესტორების დაფინანსებით პროექტის განხორციელება 2026-2027 წლებში იგეგმება და ის ვიზიტორებისა და მგზავრებისთვის თანამედროვე, კომფორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.
საინვესტიციო პროექტზე "თბილისი ცენტრალის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ „თბილისი ცენტრალის“ განვითარებით სავაჭრო ცენტრში შოპინგი და რკინიგზის გამოყენებით მოგზაურობა ბევრად უფრო სასიამოვნო გახდება. მისი ინფორმაციით, GRDC-მ „თბილისი ცენტრალის“ განვითარება 2007 წლიდან დაიწყო და წლების განმავლობაში არ გაჩერებულა. თუმცა ახალი პროექტი ამ ერთიანი სივრცის თვისობრივ გარდაქმნას გულისხმობს.
„ეს ინფრასტრუქტურა რკინიგზის სადგურს, მეტროპოლიტენს, ავტობუსების ცენტრალურ სადგურს აერთიანებს. განახლების პროექტზე რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ, რადგან ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე საყვედურები, რომ "თბილისი ცენტრალი" მეტ-ნაკლებად მგზავრთ-ნაკადის მოძრაობის კუთხით, დღეს არსებულ ევროპულ სტანდარტებს ვეღარ პასუხობს. მიხარია, რომ ორწლიანი მუშაობის შემდეგ მოვამზადეთ რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც დაახლოებით 5 000 კვადრატულ მეტრ სივრცეს შეეხება და იმ გამოცდილებას, რასაც ნებისმიერი მგზავრი ან სტუმარი "ცენტრალში" მისვლისას მიიღებს თვისობრივად გარდაქმნის“, - აღნიშნა ლევან ყარალაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს რეკონსტრუქციის და განვითარების კომპანია ამ პროექტში არა კომერციული, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის მიზნებიდან ინვესტირებს.
„10 მილიონი ლარი ჯგუფის მიერ გაკეთებული რეინვესტიციაა. ეს ფაქტობრივად კომერციული პროექტი არ არის, ჩვენ მას ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობის ქვეშ ვახორციელებთ. ეს პროექტი, ვფიქრობ, ჩვენი ჯგუფის მხრიდან მნიშვნელოვანი განაცხადია იმაზე, რომ წვლილი შევიტანოთ ჩვენ ქალაქის და ქართულ ეკონომიკის განვითარებასა და ამ მიმართულებით ფლაგმანის ფუნქციის შესრულება გააგრძელონ“, - განაცხადა ყარალაშვილმა.