
თბილისი VS ქუთაისი - უნდა ვაძლევდეთ თუ არა "ინსენტივებს" დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს თბილისში ფრენისთვის?
"ულტრა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა ქუთაისში უნდა იფრინონ და არა თბილისში", - ჰერაკლიონის აეროპორტის საავიაციო განვითარების დირექტორი დეა მაჭავარიანი საქართველოს ურჩევს საავიაციო სტრატეგიას გადახედოს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ შეინარჩუნოს ბალანსი და დაბალბიუჯეტიანი ჰაბის ფუნქცია ქუთაისის აეროპორტს დაუტოვოს, ხოლო თბილისი სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიებზე იყოს ორიენტირებული.
მაჭავარიანი ამბობს, რომ არსებულ გამოწვევას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ და TAV Georgia-მ კარგად გაართვეს თავი, ბაზარზე შემოვიდა ახალი ავიაკომპანიებიც, მაგრამ ასევე ჩნდება კითხვები - რამდენად სწორია რომ ე.წ „ინსენტივები“ დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა მიიღონ იმისთვის, რომ იფრინონ თბილისში და არა ქუთაისში.
„ინსენტივების მის გარეშე ძალიან რთულია ავიაკომპანიის მოზიდვა იმ მიმართულებაზე, რომელიც არ არის მოთხოვნადი. მაგალითად ლონდონი - პარიზის რეისზე ინსენტივი არავის სჭირდება. თბილისი - მოსკოვის და თბილისი - თელ-ავივი ყოველთვის მოთხოვნადი რეისებია. შესაბამისად, ამ რეისების წახალისება საჭირო არ არის. იმისთვის, რომ მოვიზიდოთ ევროპული ავიაკომპანია, საჭიროა მიმზიდველი პაკეტის შეთავაზება, თუმცა აქ კითხვა ჩნდება - რამდენად სწორია, რომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ვთავაზობთ ინსენტივს იმისთვის, რომ მათ იფრინონ თბილისში და არა ქუთაისში. თავდაპირველად, ქუთაისის აეროპორტის სტრატეგია მდგომარეობდა იმაში, რომ ქუთაისი ყოფილიყო Low- Cost ჰაბი, ხოლო სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიებს ეფრინათ თბილისში. ამ მიზნით იყო შემოყვანილი თავის დროზე Wizz Air და ამ მიზნით მიდიოდა მოლაპარაკებები Ryanair-თან. წინაპირობა იყო ის, რომ შემოსულიყვნენ ქუთაისში, მათ კი თბილისი უნდოდათ. კარგია EasyJet, Transavia და Norwegian, მაგრამ ალბათ სტრატეგია იქნება გადასახედი — ყველაზე სწორი იქნებოდა, რომ ულტრა Low- Cost ავიაკომპანიებს ეფრინათ ქუთაისში და არა თბილისში, რაც დააბალანსებდა კონკურენციასაც”, - ამბობს მაჭავარიანი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) ნორვეგიულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Norwegian Air-ს თბილისისა და კოპენჰაგენის მიმართულებით ახალი რეგულარული საჰაერო ხაზის ამოქმედებისთვის 400,000 ევროს ფინანსურ სტიმულს შესთავაზებს. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებმა 2026 წლის 31 მაისს გააფორმეს. მათ შორის, 2026 წლის 27 ივნისიდან 27 სექტემბრამდე გაგრძელდება, Norwegian-ი თითოეულ შემომყვან მგზავრზე 60 ევროს მიიღებს. ამავე პერიოდში გადასახდელი სტიმულის მაქსიმალური თვიური ოდენობა 66,667 ევროთი განისაზღვრა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) 2025 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით კი, სახელმწიფო კომპანიამ მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების (Route Marketing and Development) პროგრამაზე 17.9 მილიონი ლარი დახარჯა.
აღნიშნული თანხა წინა წელთან შედარებით 5.233 მილიონი ლარით, ანუ დაახლოებით 41%-ით მეტია. 2024 წელს აღნიშნული ხარჯი 12.7 მილიონ ლარს შეადგენდა.
BM.GE
წყარო: bm.ge