
თბილისის ბაღების მენიუში ყველა პროდუქტი დაბრუნდა - მასობრივი ინტოქსიკაციის საქმეზე "მიმდინარეობს გამოძიება"
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში კვების სტანდარტული მენიუ სრულად აღდგა, პარალელურად კი გამკაცრებულია ჰიგიენური ნორმები. ამის შესახებ Bm.ge-ს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ვირუსების სეზონთან დაკავშირებით, გამკაცრებულია ჰიგიენისა და სანიტარული უსაფრთხოების წესები; რაც შეეხება კვებას, აბსოლუტურად ყველა პროდუქტი, რაც სტანდარტით არის გათვალისწინებული, დაბრუნებულია მენიუში“, - აცხადებენ ბაღების სააგენტოში.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში bm.ge-ს კითხვების პასუხად, დასრულდა თუ არა კვლევა და აღებული 694 ნიმუშიდან რამდენი შემოწმდა, განაცხადეს, რომ ინფორმაციას კვლევის დასრულების შემდეგ თავად გაავრცელებენ. სააგენტოს დამატებით კითხვებზე არ უპასუხია.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომელმაც ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება 18 სექტემბერს ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციას მუხლით დაიწყო გვითხრეს, რომ "გამოძიება მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ საზოგადოებას ეცნობება დეტალური ინფორმაცია".
18 სექტემბერს, დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათეულობით ბავშვი, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში დადის, კლინიკაში მოხვდა ინტოქსიკაციის ნიშნებით.
ბავშვები პირღებინებას და მუცლის ტკივილს უჩიოდნენ. მოგვიანებით 19 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ "100-ს გადააჭარბა ბაღის ბავშვების რაოდენობამ, რომელთაც მოწამვლის სიმპტომების გამო ჰოსპიტალიზება დასჭირდათ". უკვე დღეს, 20 სექტემბერს NCDC-მ თქვა, რომ ლაბორატორიული კვლევის წინასწარი შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო.
BM.GE
წყარო: bm.ge