
თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერთან პანორამული პლატფორმის მოწყობა იგეგმება
თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერთან პანორამული პლატფორმის მოწყობა იგეგმება. პლატფორმის მოწყობის შესაძლებლობის კვლევისა და მის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და მისი მშენებლობის საავტორო ზედამხედველობის სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადებულია.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 85 000 ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შესაბამისი კვლევა და დოკუმენტაცია 100 დღეში უნდა მოამზადოს.
წინადადებების მიღება 11 ივლისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად 2024 წელს დაფიქსირებული ქვათაცვენის გამო, ბაღის ადმინისტრაციის მიერ ჩანჩქერთან მისასვლელი გზები და ბილიკები ჩაკეტილია.
"ააიპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული მდინარე წავკისისწყალი ქმნის ჩანჩქერთა კასკადს, რომელთა შორის ყველაზე შთამბეჭდავი 26 მეტრი სიმაღლისაა. მიმდებარე ულამაზესი ლანდშაფტის გამო ჩანჩქერი ბაღის ერთ-ერთი მთავარი ისტორიულ ღირსშესანიშნაობას და ვიზიტორების საყვარელ ადგილს წარმოადგენს.
სამწუხაროდ, ჩანჩქერის მიმდებარე კლდეებიდან ხშირია ქვათაცვენის შემთხვევები, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბაღის თანამშრომლებს და ვიზიტორებს. ყველაზე მასშტაბური დაფიქსირდა 2024 წლის გაზაფხულზე, რის გამოც მივმართეთ სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს. ამ უკანასკნელმა თავის დასკვნაში გასცა რეკომენდაცია მოსალოდნელი შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით შეწყდეს ტერიტორიაზე მომუშავე პერსონალისა და დამთვალიერებლების გადაადგილება.
ამის საფუძველზე ბაღის ადმინისტრაციის მიერ ჩანჩქერთან მისასვლელი გზები და ბილიკები ჩაკეტილია, რაც იწვევს ვიზიტორების სერიოზულ უკმაყოფილებას. სამწუხაროდ, ტექნიკურად შეუძლებელია ჩანჩქერის მიმდებარე კლდეებიდან ქვათაცვენის პროცესის შეჩერება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა. აქედან გამომდინარე, ბაღის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ჩანჩქერთან ვიზიტორების წვდომის უზრუნველსაყოფად იმგვარი პანორამული პლატფორმის მოწყობა, რომლის საშუალებითაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ უსაფრთხოდ დატკბნენ ჩანჩქერზე ხედებით.