
თბილისის განვითარების ფონდი "ბოზარჯიანცის სახლის" რეაბილიტაციაზე ₾12 მილიონს დახარჯავს
თბილისის განვითარების ფონდმა დ. ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ნაგებობის - ბოზარჯიანცის სახლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოების შესყიდვაზე 12.3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 12,318,651 ლარს, დღგ-ის ჩათვლით, შეადგენს. ტენდერში წინადადებების მიღება 14 ოქტომბერს დაიწყება და 19 ოქტომბერს, 12:00 საათზე დასრულდება. სამუშაოების შესრულების ვადა წერილობითი დავალების გაცემიდან არაუმეტეს 24 თვით არის განსაზღვრული.
ბოზარჯიანცის სახლი დ. ჭონქაძის ქუჩა N12/N14გ-ში მდებარეობს. შენობა 1915 წელს არქიტექტორმა მ. პ. ოგაჯანოვმა პირველი გილდიის ვაჭრის, ნ. ი. ბოზარჯიანცის დაკვეთით ააშენა. საპროექტო მასალების მიხედვით, შენობამ 1915 წლის არქიტექტურულ კონკურსში მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი დაიკავა და ტფილისის საუკეთესო სახლად დასახელდა.
შენობის ფასადი მოდერნის სტილშია შესრულებული და გამოირჩევა ქვის რელიეფური დეკორით, აივნებითა და სახიანი მინებით. სადარბაზოში შემორჩენილია „Villeroy & Boch“-ის კერამიკული ფილები, მარმარილოს კიბეები და ფერადი მინის ვიტრაჟი. ინტერიერში ასევე დაცულია ჭერის მხატვრობა, თაბაშირის დეკორი, მუხის პანელები და ხის იატაკები.
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობა ამჟამად მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია. პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საძირკვლების სხვადასხვა დონეზე განთავსებაა, რამაც არათანაბარი ჯდენა გამოიწვია. განსაკუთრებით დაზიანებულია შენობის მარჯვენა ნაწილი, რომლის ჩამოშლის რისკიც არსებობს. შენობის ფასადებზე მზარდი ბზარებია, მძიმე მდგომარეობაშია სახურავი და ეზოს მხარეს არსებული შუშაბანდები. დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია 2003 წლის მიწისძვრის შედეგად მიღებული დაზიანებები.
რეაბილიტაციის პროექტი შპს „ძეგლები და ღირსშესანიშნავი ადგილების“ მიერ თბილისის განვითარების ფონდის 2025 წლის პროგრამის ფარგლებშია მომზადებული. პროექტი ითვალისწინებს როგორც კონსტრუქციულ გამაგრებას, ისე ისტორიული ელემენტების კონსერვაციასა და რესტავრაციას. სამუშაოების დაწყებამდე უნდა მოხდეს დეკორატიული ელემენტების დროებითი მოხსნა ან დაცვა, გვიანდელი დანამატების დემონტაჟი და ავარიული მონაკვეთების დროებითი გამაგრება.
ძირითადი სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია საძირკვლების გამაგრება, შენობის ნაწილებს შორის კონსტრუქციული ნაკერის მოწყობა და დაზიანებული საფასადო კედლების დაშლა-აღდგენა მათი დანომვრისა და თავდაპირველი მასალების მაქსიმალური შენარჩუნების მეთოდით. ასევე გათვალისწინებულია სადარბაზოსა და საერთო სივრცეების კედლის მხატვრობის, თაბაშირის დეკორისა და კერამიკული ფილების რესტავრაცია, საცხოვრებელ სივრცეებში არსებული ისტორიული ჭერების კონსერვაცია და ხის კარ-ფანჯრების, მუხის პანელებისა და რკინა-კავეულის აღდგენა.
პროექტი ასევე მოიცავს სახურავის სრულ განახლებას, ეზოს კეთილმოწყობას, სანიაღვრე სისტემის მოწყობასა და ისტორიული ჭიშკრის რესტავრაციას. საინჟინრო ნაწილში გათვალისწინებულია ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, გაზმომარაგების, გათბობისა და ვენტილაციის სისტემების განახლება. ეზოს მხარეს შუშაბანდების აღდგენა კი 1987 წლის საარქივო ფოტოებისა და შენობაში შემორჩენილი ისტორიული ფრაგმენტების საფუძველზეა დაგეგმილი.
BM.GE
წყარო: bm.ge