
თბილისში ₾235 000-ის ღირებულების 40 600 კოლოფ უაქციზო სიგარეტს ინახავდნენ - დაკავებულია 2 პირი
საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, შემდგომი რეალიზაციისა და მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში, კონსპირაციის წესების დაცვით სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის მათ სარგებლობაში არსებულ ავტოფარეხში, უკანონოდ ინახავდნენ ჯამში 40 600 კოლოფ „Platinum“-ის, „Manchester“-ის, „Winston“-ის და „Kent“-ის დასახელების უაქციზო სიგარეტს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 235 000 ლარს აღემატება.
"საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ სქემაში შესაძლო ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
BM.GE
წყარო: bm.ge