
ტენდერებში ფასთა ინდექსაცია კარგია ინიციატივაა, მაგრამ პრაქტიკაში მისი შესრულება ურთულესი იქნება - ბადრი ნიაური
იურისტის, „ნიაური და კომპანიის“ დამფუძნებლის შეფასებით, სახელმწიფო შესყიდვებში ფასთა ინდექსაციის მოდელის შემოღება კარგი ინიციატივაა, თუმცა მისი პრაქტიკაში შესრულება რთული იქნება.
როგორც ბადრი ნიაურმა BMG-ის განუცხადა, მისი მოლოდინით, იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურულმა კომპანიებმა პროექტებში ინდექსაციის მექანიზმით ისარგებლონ, აუცილებელი იქნება ექსპერტიზის დასკვნა. იურისტის თქმით, კი ეს გარემოება ამ მექანიზმით სარგებლობას დროში იმდენად გააჭიანურებს, რომ შესაძლოა, კომპანიებმა საერთოდ ვეღარ შეძლონ პროექტების გაგრძელება.
“ინდექსაციით ისარგებლებენ “უკვდავი”, დიდი კომპანიები. ინდექსაციას აუცილებლად სჭირდება ექსპერტიზა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ამ გამოწვევებისთვის მზად არ არის. ჩვენ ვიცით, რომ იქ არის ცოცხალი რიგები, პირდაპირი მნიშვნელობით, 10-11 თვე კომპანიები დგანან იმისთვის, რომ დასკვნები მიიღონ, როცა შესრულების ვადები არის მაქსიმუმ 30 სამუშაო დღე. ამიტომ ინიციატივა კარგია, მაგრამ პრაქტიკაში მისი შესრულება ურთულესი იქნება.
ჩვენ გავხდებით მოწმე, რომ ვერცერთი შემსყიდველი, მიუხედავად ნებისმიერი ჩანაწერისა, ავტომატურად ვერ მოახდენს ამ ცვლილებებს ხელშეკრულებებში, იმიტომ რომ ინიციატივა მუდმივად იქნება დასჯადი და ეს ბუნებრივია, გადის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე და ეჭვიანობაზე ხელისუფლებაში.
ამიტომ აუცილებლად იქნება ექსპერტიზის დასკვნების მოთხოვნა. აქაც იყოფა ორ ჯგუფად ექსპერტიზა, ეს არის კერძო ექსპერტიზები და სახელმწიფო ექსპერტიზა. რა თქმა უნდა, კერძო ექსპერტიზას, ისევე როგორც კერძო სადაზღვევო საბანკო გარანტიებს არ ენდობა სახელმწიფო და ითხოვს მხოლოდ ბანკიდან, მოითხოვენ აუცილებლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან და იქ იწყება და მთავრდება ამ ისტორიის და ამ რეფორმის დასაწყისი და დასასრული.
თუ ეს ყველაფერი იქნება იგივე რეჟიმში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ექსპერტიზის ბიუროში უნდა დიდხანს იდგნენ, შემსყიდველებმა დიდხანს უნდა იფიქრონ ამაზე, ორთვიანი და სამთვიანი პაუზა ბიზნესისთვის იქნება მომაკვდინებელი. ის უბრალოდ გაჩერდება და ვეღარ შეძლებს ინდექსაციის შემთხვევაშიც კი ამ პროექტების გაგრძელებას. ამიტომ სახელმწიფოს არა აქვს სწორი მიდგომა, მას არა აქვს გააზრებული, რომ ნებისმიერი თუნდაც სამშენებლო პროექტი არ უკავშირდება არა მხოლოდ მასალის შეძენას, არამედ ცოცხალი ძალის, შრომის ბაზართან ურთიერთობას.