
ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, ნებისმიერი კორუფციული რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ - ინფრასტრუქტურის მინისტრი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ საზოგადოებაში არსებული უნდობლობის შემცირება და სისტემაში კორუფციული რისკების მინიმუმამდე დაყვანა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამის შესახებ რევაზ სოხაძემ სატელევიზიო დებატებისას განაცხადა.
„ხშირად გვესმის, რომ რომელიმე ტენდერი გაჭიანურდა, თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა ან ვიღაცამ ფული მიითვისა. ძალიან ცუდია, როდესაც მოსახლეობის ნაწილს უყალიბდება განცდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას აუცილებლად ხდება თანხების მითვისება. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ღიად ვაცხადებ, რომ ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, ამ სისტემაში ნებისმიერი კორუფციული რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც სამინისტროში საქმიანობის დაწყებისას დახვდა, და ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ხარისხის უზრუნველყოფის, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვისა და კორუფციული რისკების მინიმუმამდე შემცირების მნიშვნელობას.
მინისტრის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობაა, რომ საბიუჯეტო სახსრების თითოეული თეთრი სწორად და მიზნობრივად დაიხარჯოს, შედეგად კი საზოგადოებამ მიიღოს ხარისხიანი და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურა.
„ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ინფრასტრუქტურაზე თანხები დავხარჯოთ და ორ, სამ ან ოთხ წელიწადში ეს ობიექტები ხელახლა სარეაბილიტაციო გახდეს. უნდა ავაშენოთ ისეთი სკოლები, საბავშვო ბაღები და გზები, რომლებიც თაობებს გაუძლებს. ეს არის ჩვენი ამოცანა, ჩვენი ფუნქცია და ჩვენი ვალდებულება“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
რევაზ სოხაძემ ყურადღება გაამახვილა სამშენებლო ნორმების განახლების აუცილებლობაზეც. მისი განცხადებით, ქვეყანაში მოქმედი ნორმების მნიშვნელოვანი ნაწილი 1984 წლით თარიღდება, რაც თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით განახლებას საჭიროებს.
ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოს პირობებზე მორგებული ნორმების შესამუშავებლად. მინისტრის თქმით, შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულია და მიზანია, ქვეყანას ჰქონდეს საკუთარი, კონკრეტულ კლიმატურ პირობებსა და გეოგრაფიულ თავისებურებებზე მორგებული სტანდარტები.
„მნიშვნელოვანია, განისაზღვროს, როგორი გზები უნდა აშენდეს მაღალმთიან რეგიონებში, განსხვავებულ კლიმატურ პირობებში და ქვეყნის სხვადასხვა ზონაში. ჩვენ უნდა გვქონდეს საქართველოს რეალობაზე მორგებული ნორმები, რომლებიც მშენებლობის ხარისხსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“- აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის განცხადებით, კიდევ ერთი პრიორიტეტი ხარისხის კონტროლის გაძლიერებაა. მისი თქმით, სახელმწიფო არ ჩაიბარებს უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ მხრივ კომპრომისი არ იქნება.
ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფარგლებში იქმნება თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც შესაბამისი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და სამშენებლო სამუშაოების ხარისხის შემოწმების შესაძლებლობას გააძლიერებს.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართული სამშენებლო კომპანიების გაძლიერების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საქართველოში აშენებული არაერთი მსხვილი მაგისტრალის პროექტში უცხოური კომპანიები მონაწილეობდნენ, რაც იმასაც ნიშნავდა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადიოდა არა მხოლოდ ფინანსური რესურსების ნაწილი, არამედ გამოცდილებაც.
„ჩვენ გვაქვს აშენებული მაგისტრალები და გარკვეული გამოცდილებაც მივიღეთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიები გვყავდეს, რომლებსაც საერთაშორისო მასშტაბის პროექტებში მონაწილეობისა და გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა ექნებათ“, - განაცხადა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურად უწყობს ხელს ქართული კომპანიების მონაწილეობას მსხვილ, მათ შორის საერთაშორისო სატენდერო პროცედურებში. მინისტრმა მაგალითად თბილისის შემოვლითი გზის პროექტი მოიყვანა, სადაც ქართულმა კომპანიებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა კახეთის მიმართულებით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე. მისი განცხადებით, ბადიაურიდან ბაკურციხის მიმართულებით მაგისტრალის გაგრძელების პროექტის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 700 მილიონი ლარი იქნება.
„რადგან მსხვილი მაგისტრალების პროექტები დონორების დაფინანსებით ხორციელდება, შესყიდვის პირობები მათთანაც უნდა იყოს შეთანხმებული. კახეთის მიმართულებით, ბადიაურიდან ბაკურციხისკენ მაგისტრალის გაგრძელების პროექტთან დაკავშირებით, სატენდერო პირობებში პირდაპირ განისაზღვრება, რომ მინიმუმ 50%-იანი ქვეკონტრაქტორი ქართული კომპანია უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ გამარჯვებული უცხოური კომპანიის შემთხვევაშიც კი, პროექტში ქართული კომპანიის მონაწილეობა სავალდებულო იქნება“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის სფეროში განხორციელებული ცვლილებების მიზანია ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნას, საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან გამოყენებას და ქართული სამშენებლო სექტორის გაძლიერებას.
რევაზ სოხაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების შეფასებისას მთავარი მხოლოდ ის არ უნდა იყოს, თუ რა აშენდა კონკრეტული მინისტრის ანსამინისტროს ხელმძღვანელობის პერიოდში. გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმას, რამდენად გამძლე და ფუნქციური იქნება შექმნილიინფრასტრუქტურა გრძელვადიან პერსპექტივაში.
„ჩემი და ჩემი გუნდის მუშაობის მთავარი საზომი არ იქნება მხოლოდ ის, თუ რა გაკეთდა ჩვენი საქმიანობის პერიოდში. ჩვენი მუშაობა უნდა შეფასდეს იმითაც, რამდენად შეასრულებს თავის ფუნქციას ჩვენს მიერ აშენებული გზა, ხიდი თუ სკოლა 10, 15 და 20 წლის შემდეგ. ეს არის მთავარი მიზანი და დარწმუნებული ვარ, რომ ამის მიღწევას შევძლებთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge