
"წარმატებები "ყვარლის ბაგას". რაც შეიძლება მეტი რძე და შემოსავალი მიეღოთ"|რევაზ ვაშაკიძე
კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი რევაზ ვაშაკიძეს რძის მწარმოებელ კომპანია “ყვარლის ბაგას”, რომლის სასარგებლოდაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 1.6 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა, წარმატებებს უსურვებს.
“რაც შეიძლება მეტი რძე და შემოსავალი მიეღოს “ყვარლის ბაგას”, - თქვა რევაზ ვაშაკიძემ “წერტილთან” ინტერვიუში და არ გამორიცხა, რომ მეორე მხარის სურვილის შემთხვევაში, ლაშა პაპაშვილის “ყვარლის ბაგასთან” საქმიანი თანამშრომლობა გააგრძელოს.
შეგახსენებთ: „ყვარლის ბაგა“ მოწინააღმდეგე მხარისგან 4.7 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. სარჩელის თანახმად, „ჩირინასგან“ შესყიდული ქათმის სკინტლი ანტიბიოტიკებს შეიცავდა, რამაც საქონლის დახოცვა და რძის გაფუჭება გამოიწვია. თავის მხრივ, „ჩირინა“ აცხადებდა, რომ პროდუქცია სასუქად გაიყიდა და არა - პირუტყვის საკვებად.
ბიზნესდავამ სამივე ინსტანციის სასამართლო გაიარა. მესამე ინსტანციაში „ჩირინა“ ითხოვდა პირველი და მეორე ინსტანციების გადაწყვეტილების გაუქმებას, ხოლო „ყვარლის ბაგა“ - პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების (4.7 მილიონი ლარის ანაზღაურება) ძალაში დატოვებას. უზენაესმა სასამართლომ კი, არც რევაზ ვაშაკიძის და არც ლაშა პაპაშვილის მოთხოვნა სრულად არ დააკმაყოფილა და 2026 წლის 16 ივლისს, ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 1.6 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურების შესახებ.
“წერტილთან” ინტერვიუში რევაზ ვაშაკიძემ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, სასამართლომ არაობიექტური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ ბიზნესმენი აპირებს, მოსამართლეების მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების მოთხოვნით - იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ხოლო დანაშაულის სავარაუდო ნიშნების გამოძიების მოთხოვნით - სამართალდამცავ ორგანოებს (პროკურატურას) მიმართოს; თუმცა ლაშა პაპაშვილთან უკვე პრეტენზიები არ აქვს.
- ლაშა პაპაშვილის “ყვარლის ბაგას” უზენაესი სასამართლოს მიერ დაკისრებული ₾1.6 მილიონი სრულად ჩაურიცხეთ?
- უზენაესმა სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება [ივლისში] და დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში თანხა სრულად ჩავრიცხეთ. [“წერტილში”] მოვედი არა იმიტომ, რომ დღეს „ყვარლის ბაგაზე“ რამე ცუდი ვთქვა… პირიქით, წარმატებას ვუსურვებ და რაც შეიძლება მეტი რძე და შემოსავალი მიეღოთ.
- საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებას თუ აღდგენასაც ხომ არ გეგმავთ?
- ჩვენ ვაწარმოებთ ქათამს. ზოგიერთ ქვეყანაში ქათმის ნაკელს მართლა იყენებენ [საქონლის] საკვებად და თუ ფერმა ტექნოლოგიას სრულად აითვისებს, ჩვენ მივაწოდებთ, არ არის პრობლემა.
- ნაკელის სასუქად მიწოდება ვიგულისხმე…
- რაც უნდათ, ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ შორის ბიზნესდავა დასრულებულია და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად დავაკმაყოფილეთ.
BM.GE
წყარო: bm.ge