
წელს ჩინეთთან ექსპორტ-იმპორტი 45%-ით გაიზარდა|რით ვვაჭრობთ სტრატეგიულ პარტნიორთან?
მიმდინარე წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 45%-ით გაიზარდა და 933 მლნ დოლარს გადააჭარბა.
საქართველოს მთავრობა ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე აქტიურად მუშაობს. 2026 წლის აპრილში ქვეყნებმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ პროტოკოლს. 9 ივნისს საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ინვესტიციებს. მისი თქმით, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები სულ უფრო სწრაფი ტემპით შედის ჩინურ ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ 9 ივნისს გაფორმდა ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება.
2017 წელს, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა. მოლაპარაკებები რეკორდულად მცირე დროში, შვიდ თვეში დასრულდა და შეთანხმება 2018 წელს ამოქმედდა. საქსტატის მონაცემების თანახმად, ამის შემდეგ ორი ქვეყნის ვაჭრობა მზარდია და 2025 წლის რეკორდული სავაჭრო ბრუნვა 2017 წლის მონაცემებს 2.5-ჯერ აჭარბებს.
რა მოიტანა ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობის რეჟიმმა?
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ სწორედ 2018 წელს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, გადააჭარბა პირველად 1 მილიარდ დოლარს. იქამდე ყველაზე მაღალი სავაჭრო ბრუნვა 2014 წელს იყო - 823.9 მლნ დოლარის ოდენობით. უკვე 2018 წლიდან მოყოლებული მაჩვენებელი მზარდია, თუ არ ჩავთვლით 2023 წელს დაფიქსირებულ კლებას.
გასულ წელს ჩინეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. ორი ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის ჯამმა რეკორდულ 2.3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ასევე რეკორდული, 2 მილიარდ დოლარიანი იმპორტის დამსახურებაა (წლიური ზრდა 23.1%). 2025 წელს ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი საიმპორტო ბაზარი იყო ქვეყნის იმპორტში 10.7%-იანი წილით. ამასთან, 2025 წელს ჩინეთი საქართველოს მეშვიდე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა იყო მთლიან ექსპორტში 4.5%-იანი წილით. გასულ წელს ჩინეთში ექსპორტი 8.1%-ით გაიზარდა და 327.6 მლნ დოლარი შეადგინა.