
წელს, წინა სეზონთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით 50%-ით გაიზარდა - ბეჩოში მდებარე „უშბის კარიბჭე"
სვანეთში, ბეჩოში მდებარე „უშბის კარიბჭის“ კოტეჯებზე მოთხოვნა წელს, წინა სეზონთან შედარებით, დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. როგორც BM.GE-სთან ობიექტის განვითარების და მარკეტინგის ხელმძღვანელი რუსუდან კვიციანი ამბობს, მაისიდან მოყოლებული, კოტეჯები თითქმის მუდმივად დატვირთულია.
„უშბის კარიბჭე“ ბეჩოში, უშბის ძირში, დაახლოებით 5-6 წელია ფუნქციონირებს და სტუმრებს ექვს ხის კოტეჯში მასპინძლობს. თითოეულ კოტეჯში ოთხი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი, შესაბამისად, ობიექტს ერთდროულად 24 სტუმრის მიღება შეუძლია. წელს, ობიექტს რესტორანი დაემატა, ასევე მოეწყო გარე სივრცეები, სადაც სტუმრებს დასვენება და საღამოს შეკრება შეუძლიათ.
კვიციანის თქმით, „უშბის კარიბჭის“ სტუმრებს შორის ქართველი დამსვენებლები ჭარბობენ და მათი რაოდენობა წელს განსაკუთრებით გაიზარდა. „ძირითადად სტუმრები არიან ქართველი დამსვენებლები, რადგან ჩვენი კოტეჯები დიდ ჯგუფებზეა გათვლილი - იქნება ეს სასკოლო ექსკურსიები, კორპორატიული შეთავაზებები თუ ოჯახები. უცხოელი სტუმრებიც გვყავს, თუმცა წელს უფრო მეტად ქართველები გვსტუმრობენ. მაისიდან ერთი დღეც არ ყოფილა ისე, რომ ჩვენი კოტეჯები დაკავებული არ ყოფილიყოს. ექვსი კოტეჯიდან მინიმუმ ოთხი და მაქსიმუმ ექვსი კოტეჯი მუდმივად დაკავებული არის დღევანდელ დღემდე“, - აღნიშნავს „უშბის კარიბჭის“ წარმომადგენელი.
მისი შეფასებით, სვანეთის მიმართ ინტერესის ზრდა თავად რეგიონში ტურისტული ადგილების ცნობადობის მატებასაც უკავშირდება. მისი თქმით, გაიზარდა მოთხოვნა როგორც ბეჩოზე, ისე მის მიმდებარე ტურისტულ ადგილებზე, მათ შორის შდუგრას ჩანჩქერსა და სხვადასხვა ეკლესიებსა თუ ტბებზე.
თუმცა, მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, „უშბის კარიბჭეს“ ფასები არ გაუზრდია. ოთხადგილიანი კოტეჯის ერთი ღამის ღირებულება კვლავ 160 ლარია, ანუ ერთ სტუმარზე ფასი 40 ლარიდან იწყება.
„ჩვენ რადგან ქართველებზე გვაქვს მაქსიმალურად გათვლა, რომ ჩვენმა ადგილობრივმა მოსახლეობამ დაისვენოს და ყველასთვის იყოს შესაძლებელი ჩვენთან დასვენება, ფასი არ გაგვიზრდია. ერთი ადამიანის განთავსების ღირებულება 40 ლარი გახლავთ ისევ ღირებულება და ფასის ზრდა წელს არ განიხილება“, - ამბობს კვიციანი.
აღსანიშნავია, რომ „უშბის კარიბჭე“ სეზონურად მუშაობს. კოტეჯები სტუმრებს მაისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მასპინძლობს. ზამთარში ობიექტი არ ფუნქციონირებს, რადგან კოტეჯებში ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
როგორც კვიციანი განმარტავს, მთავარი გამოწვევა სწორედ ელექტროენერგიის სიმძლავრეა - არსებული ინფრასტრუქტურა ყველა კოტეჯისა და რესტორნის ელექტროგათბობით ერთდროულად დატვირთვას ვერ უძლებს.
მიუხედავად ამისა, ოჯახი ობიექტის განვითარებას გეგმავს. ერთ-ერთი მთავარი ახალი პროექტი აუზის დამატებაა, რომლის მოწყობაც მომავალი წლისთვის იგეგმება.„სვანეთში აუზი ძალიან იშვიათია. ერთი-ორი სასტუმროს აქვს რეალურად, ისიც მესტიაში. ბეჩოში მსგავსი ტიპის სასტუმროები არ არის და ჩვენ ვიქნებით ამ ეტაპზე პირველები, რომლებიც ამ სივრცეს შექმნიან“, - ამბობს კვიციანი.
მისი ინფორმაციით, აუზისთვის მიწის ნაკვეთი უკვე შეძენილია და დარჩენილია ტექნიკური საკითხების მოგვარება. პროექტის ფარგლებში პატარა ბარის მოწყობაც იგეგმება. ის აღნიშნავს, რომ აუზი მხოლოდ ტურისტებისთვის არ იქნება განკუთვნილი და მისი გამოყენება ადგილობრივებსაც შეეძლებათ.
BM.GE
წყარო: bm.ge