ცენტრალური გათბობის საერთო სისტემით თითქმის 3 000 ობიექტი სარგებლობს - სემეკის განცხადება და რეკომენდაციები
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) დეველოპერებს მოუწოდებს ცენტრალური გათბობის საერთო სისტემის მოწყობა, მშენებლობის პროექტირების ეტაპზევე დანერგონ. ამით შემდგომში სისტემის მოწყობის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება.
სემეკის ინფორმაციით, მათ მიერ მიღებული რეგულაცია, რომელიც მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემების ხელშეწყობას ითვალისწინებს, უკვე მეოთხე ზამთარია წარმატებით სრულდება.
სემეკის მონაცემებით:
• ცენტრალური გათბობის საერთო სისტემებით ამჟამად 2 965 ობიექტი სარგებლობს, მათ შორის 2 271 საყოფაცხოვრებო და 694 არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელია. • რეგულაციის შედეგად, გასულ წელს მომხმარებლებმა ბუნებრივი გაზის საფასურზე ჯამურად თითქმის 400 ათასი ლარის ეკონომია მიიღეს.
სემეკის განცხადებით, ამ რეგულაციით მოიხსნა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბარიერი, რომელიც მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემების განვითარებას აფერხებდა. კერძოდ, შესაძლებელი გახდა საერთო სისტემის მიერ საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე საყოფაცხოვრებო ტარიფის დარიცხვა.
ცენტრალური გათბობის საერთო სისტემის ძირითადი უპირატესობები:
• ინდივიდუალური გათბობის ქვაბის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების არიდება (გამორიცხვა); • ბუნებრივი გაზის მოხმარებისა და გათბობასა და ცხელ წყალზე დანახარჯების შემცირება; • ინდივიდუალური გათბობის ქვაბის შეძენისა და ექსპლუატაციის ხარჯების თავიდან აცილება; • გათბობის ინდივიდუალურად მართვა და ჭკვიანი თბომრიცხველებით ფაქტობრივი მოხმარების აღრიცხვა — საერთო სისტემის მიუხედავად, თითოეული მომხმარებელი ინდივიდუალურად იხდის საკუთარი მოხმარების შესაბამის საფასურს, სისტემის საერთო ხარჯების გამჭვირვალე განაწილებით; • ცენტრალური გათბობის სისტემის მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტით სარგებლობის შესაძლებლობა; • ნამწვი აირების გაფრქვევის შემცირება და კონტროლი.
"ცენტრალური გათბობის საერთო სისტემა განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობას ქმნის მზის ენერგიის ათვისებისთვის, რაც საქართველოს პირობებში კიდევ უფრო მიმზიდველ გარემოს ქმნის. მზის კოლექტორების მეშვეობით შესაძლებელია მთელი საცხოვრებელი კორპუსის ცხელი წყლით მომარაგებისთვის საჭირო ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილის მზის ენერგიით უზრუნველყოფა, რაც ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულებას და შესაბამისად, მომხმარებელთა დანახარჯებს კიდევ უფრო ამცირებს.
პრაქტიკაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე, სემეკმა შეიმუშავა ახალი რეკომენდაციები ცენტრალური გათბობის სისტემით მოსარგებლეებს შორის დარიცხული თანხების სამართლიანი და გამჭვირვალე განაწილების შესახებ.
ამასთან, სემეკი მოუწოდებს დეველოპერებს, ცენტრალური გათბობის საერთო სისტემის მოწყობის შესაძლებლობა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების პროექტირების ეტაპზევე განიხილონ, რაც სისტემის მოწყობის ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს", - აღნიშნულია სემეკის განცხადებაში.
