მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "წიწილების დათვლა მოგვიწევს სექტემბერში"|რას აჩვენებს აბიტურიენტების პირველადი არჩევანი?
"წიწილების დათვლა მოგვიწევს სექტემბერში"|რას აჩვენებს აბიტურიენტების პირველადი არჩევანი?

"წიწილების დათვლა მოგვიწევს სექტემბერში"|რას აჩვენებს აბიტურიენტების პირველადი არჩევანი?

BM.GE16 მაისი, 2026, 21:17|bm.ge

შეფასებებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც დაახლოებით, 4000-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია აცხადებს, რომ რეგისტრაციის პროცესმა „ქაოსის გარეშე ჩაიარა“ და განსაკუთრებულ აქცენტს სახელმწიფო უნივერსიტეტების პროგრამებზე არსებულ უპრეცედენტოდ მაღალ მოთხოვნაზე აკეთებს.

გამოცდების ეროვნულ ცენტრშიც აცხადებენ, რომ სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ გაზრდილი მოთხოვნა ხაზს უსვამს სახელმწიფო უნივერსიტეტების მიმართ ინტერესს და პრიორიტეტულ მნიშვნელობას აბიტურიენტების არჩევანში, თუმცა, რეალური სურათი, რომელსაც უმაღლესი განათლების ექსპერტი ლიკა ღლონტი აანალიზებს, გაცილებით უფრო კომპლექსური და ეკონომიკური წნეხითა განპირობებული.

საქმე ის არის, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტთა დეტალური არჩევანისა და სტატისტიკის ამსახველ ოფიციალურ მონაცემებს ჯერჯერობით არ აქვეყნებს, რადგან აბიტურიენტებს აქვთ უფლება, აგვისტოს ჩათვლით, არჩევანი შეცვალონ, შესაბამისად, სურათიც შეიცვლება; თუმცა აბიტურიენტების მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას გაკეთებული პირველადი არჩევანის მონაცემები, რომელიც უკვე აქვთ უნივერსიტეტებს, დაამუშავა ლიკა ღლონტმა.

ფინანსური ფაქტორი, როგორც აბიტურიენტის არჩევანის მთავარი განმსაზღვრელი

ექსპერტის შეფასებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების მიმართ გაზრდილი ინტერესი არა - განათლების ხარისხის მოულოდნელი ზრდით, არამედ მოსახლეობის გადახდისუნარიანობის კატასტროფული ვარდნითა და ახალი საგრანტო წესით არის განპირობებული. როგორც ცნობილია, „ოცნების“ უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგად, უფასო სწავლის შესაძლებლობა მხოლოდ სახელმწიფო სექტორში დარჩა, რამაც აბიტურიენტების მხრიდან კერძო უნივერსიტეტების არჩევანზე გავლენა იქონია.

„ტენდენცია გვიჩვენებს იმას, რომ ფინანსურ კომპონენტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა აბიტურიენტების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში, რაც სრულიად მოსალოდნელი იყო ანუ ძალიან დიდი მოთხოვნა არის სწორედ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებზე და საკმაოდ მძიმე სურათი არის კერძო უმაღლესი სასწავლებლების შემთხვევაში... ეს ტენდენცია, რომელიც საკმაოდ მკაფიო და ცალსახაა, არის კარგი ინდიკატორი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადახდისუნარიანობის ანუ ყველასთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, სად იქნება სასწავლო გრანტი და, რასაკვირველია, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოთხოვნა უფრო მაღალია“, - განაცხადა ექსპერტმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.

ლიკა ღლონტმა ინტერვიუში არაერთხელ აღნიშნა, რომ აბიტურიენტები დღეს გადაწყვეტილებას არა - აკრედიტაციის ან პროგრამული უპირატესობის, არამედ წმინდა ფინანსური კრიტერიუმით იღებენ.

„ერთადერთი რეალური ფაქტორი არის დაფინანსების საკითხი, რადგან ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ წლევანდელი მონაცემები შარშანდელს და წინა წლებისას. ხარისხობრივი მაჩვენებელი პროგრამებისა, მათი საერთაშორისო აკრედიტაცია, ადგილობრივი აკრედიტაცია, ვხედავთ, რომ არავითარ მნიშვნელობას არ თამაშობს, მნიშვნელოვანი არის ის, სად შეეძლება სტუდენტს უფასოდ სწავლა“, - თქვა მან.

გარდა ამისა, აბიტურიენტების არჩევანის პირველადი სტატისტიკის კომენტირებისას, ლიკა ღლონტმა გამოყო ის აბიტურიენტები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე კი დარეგისტრირდნენ, მაგრამ, რეალურად, ქვეყნიდან წასვლას გეგმავენ. ექსპერტი მიუთითებს ტენდენციაზე, რომლის მიხედვითაც, ქართული კერძო უნივერსიტეტების ნაცვლად, შეძლებული ოჯახები შვილებს პირდაპირ უცხოურ ბაკალავრიატზე უშვებენ.

„გადახდისუნარიანი აბიტურიენტების მზარდი ნაწილი გადის საზღვარგარეთ. ჩვენ, სამწუხაროდ, არა გვაქვს ზუსტი სტატისტიკა და ადრე თუ მაგისტრანტები მიდიოდნენ, ძირითადად, საზღვარგარეთ სასწავლებლად... უფრო მეტად და მეტად იზრდება იმ აბიტურიენტების რაოდენობა, ვინც ბაკალავრიატში ეტაპზე საზღვარგარეთ ... თბილისში არსებული, მაგალითად, კერძო სკოლების, საერთაშორისო სკოლების კურსდამთავრებულების აბსოლუტური უმრავლესობა საზღვარგარეთ მიდის სწავლის გასაგრძელებლად“, - თქვა მან.

რა სურთ აბიტურიენტებს და რა სურს სახელმწიფოს?

ლიკა ღლონტის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრო „სახელმწიფო დაკვეთით“ და შრომის ბაზრის მოთხოვნებით აპელირებს, აბიტურიენტთა რეალური ინტერესები სხვაა. ტრადიციული ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებები კვლავ გადატვირთულია, მაშინ როდესაც სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად გამოცხადებულ დარგებზე დაბალი მოთხოვნაა.

მაგალითად: პოპულარულ საგანმანათლებლო პროგრამებად რჩება ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალმცოდნეობა, სოციალური მეცნიერებები, ფსიქოლოგია, ინგლისური ფილოლოგია. დაბალი მოთხოვნა დაფიქსირდა ტექნიკურ მეცნიერებებზე, საბუნებისმეტყველო დარგებზე, სამედიცინო და ტურიზმის დარგებზე პროფესიულ დონეზე და ა.შ.

„ძალიან კარგად გამოჩნდა ის, რომ გარკვეულმა დარგებმა კვლავინდებურად შეინარჩუნეს პოპულარობა... სოციალური მეცნიერებები, ინგლისური ფილოლოგია, სამართალი, ბიზნესი კვლავინდებურად ძალიან პოპულარული არის, თუმცა რიგ ამ დარგებზე ადგილები შემცირდა კიდევაც... და იქ, სადაც ადგილები გაიზარდა, როგორიც არის ტექნიკური დარგები და საბუნებისმეტყველო, სამწუხაროდ, მოთხოვნა საკმაოდ დაბალი არის“, - აღნიშნა ლიკა ღლონტმა.

ამავე დროს, მისი დაკვირვებით, წარმატებული ვერ აღმოჩნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესში პროფესიული განათლების ინტეგრირების მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ წელს პირველად მიეცათ აბიტურიენტებს კოლეჯების შემოხაზვის შესაძლებლობა, რეალური ციფრები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. ლიკა ღლონტი ამ მიმართულებით არსებულ მძიმე სურათს სახელმწიფოს მხრიდან მართვის მოდელის მოშლას უკავშირებს.

„სტატისტიკა აჩვენებს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა პროფესიული პროგრამების არჩევანის მხრივ... ნათელია, ძალით ვერავის ვერაფერს ვერ შეაყვარებ... სხვანაირი მიდგომა იყო საჭირო, მაგრამ უნარების სააგენტო სახელმწიფომ დაშალა; ის საბჭო, რომელზედაც იყო საუბარი, სადაც იყვნენ დამსაქმებლები ჩართულები, მოიშალა, ეს გახდა ყველაფერი სამინისტროს დეპარტამენტი. პროფესიონალები, ვინც ამ სფეროში მუშაობდნენ, წავიდნენ“, - ამბობს ლიკა ღლონტი.

უფასო სწავლა და გაურკვევლობა უნივერსიტეტების დაფინანსების წესში

"წერტილთან“ ინტერვიუში უმაღლესი განათლების ექსპერტმა ისაუბრა სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ წესზე, რომელიც გაურკვეველია. მისი თქმით, მაისის შუა რიცხვებშიც კი, სახელმწიფო უნივერსიტეტებმა არ იციან საკუთარი ბიუჯეტი.

„აქამდე ვიცოდით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნივერსიტეტი იღებდა 2 250 ლარს ერთ სტუდენტზე გრანტის სახით და აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტებს შეეძლოთ გაეთვალათ სახელფასო დანამატები პერსონალისთვის, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობისთვის და სხვადასხვა აქტივობისთვის. ისე მოვიდა მაისი, რომ სახელმწიფო უმაღლესმა სასწავლებლებმა არ იციან თავიანთი წლევანდელი ბიუჯეტი... მე სულაც არ ვარ ამაში დარწმუნებული და მგონია, რომ იქნება დიფერენცირება და რიგ შემთხვევაში, შეიძლება ეს თანხა შემცირდეს“, - აღნიშნა მან.

ექსპერტის დასკვნით, რეფორმის რეალური, ფარული მიზანი არა - განათლების სისტემის განვითარება, არამედ მასში ფულის დაზოგვა და ოპტიმიზაციის გზით უნივერსიტეტებისა თუ პროფესურის რაოდენობის შემცირებაა.

„წლევანდელი გამოცდები ყველაზე მნიშვნელოვანი და დიაგნოსტიკური ხასიათისაა - ახლა გამოჩნდება, ვინ სად წავიდა და როგორ. წესით, სერიოზული სახელმწიფო მხოლოდ ერთი წლის ტენდენციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებებს არ იღებს (შეიძლება უბრალოდ ხელშემწყობი მექანიზმები შემოიღოს), მაგრამ დარწმუნებული ვარ, წლევანდელ შედეგებს რიგი პროგრამების ჩასახსნელად გამოიყენებენ.

კვლავ წინ წამოიწევს უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანებისა და პროგრამების შემცირების საკითხი, რასაც ავტომატურად მოჰყვება აკადემიური პერსონალის გათავისუფლება. მოკლედ, ეს ყველაფერი დაზოგვის რეჟიმზე გადასვლის წინაპირობაა, რასაც სახელმწიფო დაკვეთის მექანიზმით შემოუარეს.

მთლიანობაში, საინტერესოა, რამდენი ვაკანტური ადგილი და რომელ სპეციალობებზე დარჩება სექტემბერში. ასე რომ, ჩვენ წიწილების დათვლა სწორედ სექტემბერში მოგვიწევს. მაშინ გამოჩნდება ძალიან კარგად, როგორ გადანაწილდა ეს ყველაფერი და რა გავლენას მოახდენს უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემაზე, რაც თავისთავად უმნიშვნელოვანესი საკითხია“, - განაცხადა ლიკა ღლონტმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სხვა პროდუქტები გაძვირდება, ან ძველი ფასდაკლებები ახლად შეიფუთება - ეკონომისტი "საოჯახო კალათაზე"

სხვა პროდუქტები გაძვირდება, ან ძველი ფასდაკლებები ახლად შეიფუთება - ეკონომისტი "საოჯახო კალათაზე"

BM.GE

აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების საგამონაკლისო რეჟიმი არ გაახანგრძლივა - ვადა დღეს ამოიწურა

აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების საგამონაკლისო რეჟიმი არ გაახანგრძლივა - ვადა დღეს ამოიწურა

BM.GE

ჩინეთმა ტვინის პირველი იმპლანტი კომერციული გამოყენებისთვის დაამტკიცა

ჩინეთმა ტვინის პირველი იმპლანტი კომერციული გამოყენებისთვის დაამტკიცა

BM.GE

პრაქტიკა არაა სახარბიელო, პრობლემების არსებობაზე მიუთითებს - ენერგეტიკოსი ქვესადგურის თანადაფინანსებაში ბიზნესის ჩართულობაზე

პრაქტიკა არაა სახარბიელო, პრობლემების არსებობაზე მიუთითებს - ენერგეტიკოსი ქვესადგურის თანადაფინანსებაში ბიზნესის ჩართულობაზე

BM.GE