წლევანდელი ხორბლის მოსავლის 50-60% ჯერ არაა რეალიზებული - მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია
„საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის“ ინფორმაციით, წლევანდელი ხორბლის მოსავლის დაახლოებით 50-60% კვლავ არაა რეალიზებული.
ასოციაციის თავმჯდომარე BMG-ის მიმდინარე წლის მოსავლიანობის შეფასებისას ამბობს, რომ რაოდენობრივად კარგი მოსავალი ჰქონდათ, თუმცა სასურსათო მოსავლის მოცულობები შედარებით მცირე იყო.
ნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებით, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კონსულტაციები მიმდინარეობს, როგორ შეიძლება დარჩენილი მოსავლის, საფურაჟე ხორბლის რეალიზაცია.
“რაც შეეხება გასაყიდ მარცვლეულს, წელს მოსავალი კარგი იყო, ვერ ვიტყვი რომ ცუდი მოსავალი იყო რაოდენობრივად, თუმცა სასურსათო მოსავლის პროცენტულობა დაბალია წინა წლებთან შედარებით, მაგრამ არის სასურსათოც და უფრო მეტი არის საფურაჟე მოსავალი და ფერმერებს უჭირთ მისი რეალიზაცია. მიდის ნელა და დაბალ ფასად და გვაქვს კომუნიკაცია ყოველდღიური სამინისტროსთან, ხდება შეთანხმებები საკვებგადამამუშავებლებთან, მეფრინველეებთან, წისქვილებთან არის კომუნიკაცია და რა იქნება გადაწყვეტილი და როგორ “გაიწოვს” ბაზარი ამ ხორბალს, ველოდებით.
დარჩენილია მოსავლის დაახლოებით 50-60%-ზე მეტი, ზუსტი აღრიცხვა ნამდვილად არ გვაქვს. გაძვირებულია დიზელი, ტექნიკის მომსახურება, ამიტომ ფერმერებს [მოსავლის მოყვანა] წელს უფრო ძვირი უჯდებათ. დიზელზე ფასები ზაფხულის პერიოდშივე გაიზარდა, რამაც კომბაინების გააძვირა და ამიტომ ეს მოსავალიც შედარებით ძვირად დააბინავეს ფერმერებმა”, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
ამასთან, როგორც „საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, ხორბალზე საიმპორტო გადასახადის დაწესების მიუხედავად, ქართული ხორბლის ჩასაბარებელი ფასი არ გაზრდილა. ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ იმავე პერიოდში რუსული ხორბალი გაიაფდა, შესაბამისად, ფერმერებმა მოსალოდნელი შედეგი ვერ მიიღეს.
“დაახლოებით ორი თვის წინ, როდესაც იმპორტის გადასახადი შემოიღეს იმ პერიოდისთვის [ადგილობრივი ხორბლის] ფასები დაახლოებით 60 თეთრზე უნდა დარეგულირებულიყო. სამინისტრომ გამოთვალა და მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომ [კილოგრამ ხორბალზე] დროებითი საფასური 10 თეთრი ყოფილიყო. ამ პერიოდიდან, დაახლოებით ორი კვირის მანძილზე იგივე რუსეთში ხორბლის ფასი 10-12 თეთრით კიდევ დაეცა და ფერმერებისთვის იგივე ფასი დარჩა. ამიტომ ხორბლის გასაყიდი ფასი არ გაიზარდა”, - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
ცნობისთვის, ოქტომბრიდან საქართველოს მთავრობამ იმპორტირებულ ხორბალზე ერთ ტონაზე 100 ლარის მოცულობით გადასახადი დააწესა. გადაწყვეტილების მიზეზად ადგილობრივ ხორბალზე მოთხოვნისა და ფასის სტიმულირება დასახელდა.
