კორპორაციული მდგრადობის რიგით მეცხრე ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებითა და შვედეთის მხარდაჭერით, თბილისში, სასტუმრო სტამბაში, კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს 2026 – „ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ – რიგით მეცხრე ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კომპანიები, რომლებიც კორპორაციული მდგრადობის მიმართ ერთგულებას ადასტურებენ და წვლილი შეაქვთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევაში.
დაჯილდოების ცერემონიას კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა პასუხისმგებლობიანი ბიზნესსაქმიანობის როლს მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს შვედეთის ელჩმა საქართველოში დავიდ ემტესტამმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, დიდიე ტღებიუკმა.
ჯილდოები მდგრადი განვითარების ექვსი მიზნის შესაბამის ნომინაციებში გაიცა და გამარჯვებულები როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიებში გამოვლინდნენ. კონკურსზე წარმოდგენილი ინიციატივები დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეაფასა, რომელიც ქართველი და საერთაშორისო წევრებისგან შედგებოდა.
„წლევანდელ კონკურსზე წარმოდგენილი პროექტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სულ უფრო მეტი კომპანია აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას საზოგადოებისა და გარემოს წინაშე, მდგრადობის ბიზნეს სარგებელს და მდგრად განვითარებას საკუთარი ბიზნესსტრატეგიის ნაწილად აქცევს.
იმედი მაქვს, დღეს წარმოდგენილი ინიციატივები სხვა კომპანიებისთვისაც გახდება შთაგონების წყარო და სტიმული უფრო ამბიციური მიზნების დასახვისა და განხორციელებისთვის“, – განაცხადა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა.
„ქართული ბიზნესი ადასტურებს, რომ მდგრადობა არა მხოლოდ გრძელვადიანი მიზანი, არამედ დღევანდელ რეალობაში გონივრული ბიზნესსტრატეგიაა. ევროკავშირი ამაყობს, რომ ქართველი მეწარმეების გვერდით დგას: 2018 წლიდან ჩვენ, საქართველოს მასშტაბით, 280 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს გავუწიეთ მხარდაჭერა. ჩვენი კამპანიის – „ევროკავშირი შენთან“ (EU With You) – ფარგლებში, 38 მილიონი ევროს ოდენობის ახალი დახმარებით, კვლავ გავაგრძელებთ ქართული ბიზნესის, ქალების, ახალგაზრდებისა და სოფლის თემების მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით – ფინანსებზე ხელმისაწვდომობიდან და უნარების განვითარებიდან ინოვაციებისა და მწვანე გარდაქმნის ხელშეწყობამდე. ვულოცავ წლევანდელ ყველა გამარჯვებულს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს არა მხოლოდ საქართველოს განვითარებაში, არამედ ჩვენი საერთო უკეთესი მომავლის შექმნაშიც“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა.
„ეს ღონისძიება წარმოაჩენს ქართული ბიზნესის მზარდ ერთგულებას მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ. მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა ერთობლივ გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს. ჩემთვის შთამაგონებელია, ვიყო იმ აქტორთა შორის, რომელთა საქმიანობაც ევროპული ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამება, სადაც მოგების მიღება ეფუძნება არა მხოლოდ აქციონერთა ინტერესების გათვალისწინებას, არამედ ადამიანებსა და პლანეტაზე ზრუნვასაც,“ - განაცხადა შვედეთის ელჩმა საქართველოში, დევიდ ემტესტამმა.
„ისეთი სწრაფად მზარდი, საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მდგრადი განვითარების მიზნები არა მხოლოდ კორპორაციული პასუხისმგებლობის დღის წესრიგს, არამედ რეალურ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობას წარმოადგენს. ადამიანების უნარების განვითარებაში, სუფთა ენერგიასა და მდგრად წარმოებაში ინვესტირებით კომპანიებს შეუძლიათ გააძლიერონ საკუთარი კონკურენტუნარიანობა, აითვისონ ახალი ბაზრები და ხელი შეუწყონ ეკონომიკური ზრდის გარდაქმნას ღირსეულ სამუშაო ადგილებად, ქალებისა და ახალგაზრდებისთვის მეტ შესაძლებლობად და საყოველთაო კეთილდღეობად, რომელიც არა მხოლოდ ურბანულ ცენტრებს, არამედ რეგიონებსაც მოიცავს“,- განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, დიდიე ტღებიუკმა.
გამარჯვებული კომპანიები
SDG 3 - ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა Georgia Healthcare Group-მა, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში — Hearing House-მა.
ჯილდოები კომპანიებს გადასცეს ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ კუბერნატმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელმა და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ჟოაო ბრედამ.
SDG 4 - ხარისხიანი განათლება
მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში გამარჯვებულად კავკასიის უნივერსიტეტი დასახელდა, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU).
ჯილდოები გადასცეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდეროვიჩმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში დიდიე ტღებიუკმა.
SDG 7 - ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია
მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში გამარჯვება პროკრედიტ ბანკმა მოიპოვა, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში - Luxon Power-მა.
გამარჯვებულები დააჯილდოეს შვედეთის ელჩმა საქართველოში დევიდ ემტესტამმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ბეარმან ლამმა.
SDG 8 - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში ჯილდო საერთაშორისო კორპორაცია ICR-ს გადაეცა, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში გამარჯვებული Bakhvi 2 გახდა.
ჯილდოები გადასცეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ ბანძელაძემ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ეროვნულმა კოორდინატორმა საქართველოში ეკატერინე ქარჩხაძემ.
SDG 12 - მდგრადი მოხმარება და წარმოება
ამ ნომინაციაში მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში ორი გამარჯვებული გამოვლინდა - Carrefour Georgia და Tegeta Holding, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში ჯილდო PMCG-ს მიენიჭა.
გამარჯვებული კომპანიები დააჯილდოეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში დაგლას უებმა და დანიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ანდერს ტრელბორგმა.
SDG 17 - პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის
ნომინაციის ფარგლებში ჯილდოები ორ მიმართულებაში - პარტნიორული პროექტებისა და მდგრადი დაფინანსების სფეროებში გაიცა.
პარტნიორული პროექტების მიმართულებით, მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში გამარჯვებული Silknet გახდა, რომელმაც კონკურსზე დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდთან (Wounded Warrior Support Foundation) დაკავშირებული პროექტი წარადგინა. მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში კი გამარჯვება Start – Business Solutions-მა მოიპოვა, პარტნიორ ეკომეგობრულ სივრცე Aremare-სთან ერთად განხორციელებული ინიციატივისთვის.
ჯილდოები გადასცეს ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ლისე ნურგორდმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ მასოლინმა.
მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ჯილდოები საქართველოს ბანკსა და თიბისი ლიზინგს მიენიჭათ.
კომპანიები დააჯილდოვა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სტელა რენიტამ.
ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია წარმოაჩენს მდგრად განვითარებაში კერძო სექტორის წვლილს და ხელს უწყობს ქართულ ბიზნესსაზოგადოებაში პასუხისმგებლიანი ბიზნესსაქმიანობის პრაქტიკის დანერგვას.
