Colliers Georgia: „უცხოელ მყიდველებში რუსეთი ისრაელმა ჩაანაცვლა“ | ვინ ყიდულობს ბინებს თბილისში?
თბილისში ბინების მთლიან ტრანზაქციებში უცხოელი მყიდველების წილი 11%-ს შეადგენს, მაშინ როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6% იყო. ქვეყნების მიხედვით კი 2024 წლიდან მოთხოვნის სტრუქტურა შეიცვალა და პირველ ადგილზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები ისრაელის მოქალაქეებმა ჩაანაცვლეს.
ამის შესახებ Colliers Georgia-ს კვლევებისა და მონაცემთა სერვისის ხელმძღვანელმა მარიამ ასათიანმა უძრავი ქონების კონფერენცია GREMO-ზე ისაუბრა.
კვლევის მიხედვით, ისრაელისა და რუსეთის შემდეგ ყველაზე აქტიური მყიდველები ირანიდან და უკრაინიდან არიან. ხუთეულში კი პერიოდულად აშშ, თურქეთი, სომხეთი, ჩინეთი და გერმანია ენაცვლებიან. უცხოელების მიერ შეძენილი ბინების 46% საინვესტიციო ზომისაა (50-დან 70 კვ.მ-მდე). რაოდენობრივად უცხოელები ყველაზე მეტ ბინას საბურთალოსა და დიდ დიღომში ყიდულობენ, თუმცა უბნის მთლიან ტრანზაქციებში მათი წილით კრწანისი ლიდერობს (30%).
ასათიანის თქმით, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას საერთაშორისო რეიტინგებში რეგიონული ლიდერობაც განაპირობებს (ეკონომიკური თავისუფლებისა და კორუფციის აღქმის ინდექსები). შედეგად, 2021 წლიდან 2026 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით ქვეყანაში შემოსული 8 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციიდან 13% სწორედ უძრავი ქონების სექტორზე მოდის.
„უცხოელების წილი ბინის ტრანზაქციებში ახლა 12%-ია, მაშინ როდესაც 2021-ში 6% იყო. რაოდენობრივად ყველაზე მეტს საბურთალოსა და დიდ დიღომში ყიდულობენ.
უცხოელების მიერ ნაყიდი ბინების 46% 50-70კვ.მ-ია. თუ უცხოელებში ადრე რუსეთის მოქალაქეები ლიდერობდნენ, ახლა ისრაელმა გადაუსწრო. ასევე ხშირად ყიდულობენ ირანიდან და უკრაინიდანაც. ამას მოჰყვება ამერიკა და თურქეთი, ასევე ინტერესს ვხედავთ სომხეთიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან. მოთხოვნა ცვალებადია და ის გეოპოლიტიკურ მოვლენებსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა ასათიანმა.
