
"უძრავი ქონების ბაზარზე მიწოდების კლება წლის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს“- G & T
2026 წლის 5 თვეში თბილისში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 34.4%-ით, რაოდენობა კი 18%-ით შემცირდა. Galt & Taggart-ის ბოლო განახლებით, 2026 წლის მაისში ნებართვა 23 საცხოვრებელ პროექტზე გაიცა, რომელთა ჯამურმა საცხოვრებელმა ფართმა 165,484 კვ.მ შეადგინა.
საინვესტიციო ბანკში აცხადებენ, რომ ჭარბი მიწოდების თავიდან ასაცილებლად საჭიროა კლების ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდეს.
„2025 წელს, შესუსტებული მოთხოვნის ფონზე, გაცემული სამშენებლო ნებართვების მაღალი რაოდენობა უძრავი ქონების ბაზარზე გარკვეულ რისკებს ქმნიდა, რადგან ჭარბი მიწოდების საფრთხეს ზრდიდა. 2025 წლის ოქტომბრიდან სამშენებლო ნებართვების რაოდენობამ კლება დაიწყო და ეს ტენდენცია უკვე რვა თვეა გრძელდება. აღნიშნული პროცესი ცალსახად პოზიტიურია, რადგან ხელს უწყობს ჭარბი მიწოდების რისკის შემცირებას. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე მიწოდების შემცირება მსგავსი ტემპით გაგრძელდეს, რათა მოთხოვნა და მიწოდება თანდათანობით წონასწორობის წერტილს მიუახლოვდეს.
გაზრდილი მიწოდებისა და სუსტი მოთხოვნის პირობებში, 2025 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები საშუალოდ თვეში მხოლოდ 0.2%-ით იზრდებოდა, რაც დაბალ ტემპს წარმოადგენდა. თუმცა, სამშენებლო ნებართვების შემცირების დაწყების შემდეგ, 2025 წლის ოქტომბრიდან ფასების ზრდის ტემპი კვლავ დაჩქარდა. 2026 წელს უკვე ვხედავთ, რომ ფასები საშუალოდ თვეში 0.6%-ით იზრდება.
ამ ეტაპზე თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა სტაბილურია და შედარებით სწრაფ ტემპს ინარჩუნებს, რაც მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის ეტაპობრივ აღდგენაზე მიუთითებს.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში კომპანიის უფროსმა ანალიტიკოსმა ოთარ ცუხიშვილმა.
2026 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 11%-ით გაიზარდა. „გალთ ენდ თაგარტის“ განახლების მიხედვით, წელს მაისში დედაქალაქში 3 748 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, მაშინ, როცა 2025 წლის იმავე თვეში ტრანზაქციები 3 374-ს შეადგენდა.