
უნგრეთში პრემიერ-მინისტრს 8 წელზე მეტი ხნით ვეღარ აირჩევენ
უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის მაქსიმალურ ვადას 8 წლით განსაზღვრავს.
გადაწყვეტილებას, რომელიც არა მიყოლებით, არამედ ზოგადად 8 წელზე მეტი ხნით პრემიერობის აკრძალვას ითვალისწინებს მხარი 135-მა დეპუტატმა დაუჭირა, 50 კი წინააღმდეგი იყო. არსებული ინფორმაციით, ცვლილება ერთგვარი უკუძალის მქონეაცაა, რაც ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობას სრულად ართმევს. შეგახსენებთ, რომ ორბანი მთავრობას ჯამში 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
როგორც ირკვევა, პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი ამ და მსგავსი საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებულ რეჟიმში განხორციელებას "სისტემის შეცვლის" კამპანიის ფარგლებში ცდილობს.
როგორც ცნობილია, მადიარის პარტია "ტისა" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს, რაც მას ნებისმიერი რეფორმის დაუბრკოლებლად გატარების საშუალებას აძლევს. ცვლილების ინიციატორის, მარტონ მელეთეი-ბარნას განცხადებით, ეს პროექტი ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენისთვის საყრდენის შექმნას ისახავს მიზნად.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიღებული დოკუმენტი ორბანის დროს შექმნილი "სუვერენიტეტის დაცვის" სამსახურის გაუქმებასაც ითვალისწინებს. ევროკომისიის შეფასებით, ის ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა და ორბანის ხელისუფლება მას ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის იყენებდა.
მიღებული კანონების პარალელურად, ახალი მთავრობა იმ საჯარო ფონდების დაშლასაც გეგმავს, რომელთა მეშვეობითაც უნივერსიტეტების პრივატიზება და მათი პარტიული კონტროლის ქვეშ მოქცევა ხდებოდა.
BM.GE
წყარო: bm.ge