
უცხოელი ტურისტისთვის საქართველო აღარ არის იაფი მიმართულება - სასტუმრო "კოსტე"
უცხოელი ტურისტისთვის საქართველო აღარ არის იაფი მიმართულება - ამის შესახებ BMG-სთან „კოსტე ჰოტელ გრუპის“ დამფუძნებელი თამარ ბაღდავაძე აცხადებს. მისი თქმით, სასტუმრო სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, საფასო მიმართულებით, ქვეყნის იმიჯის ცვლილება რჩება.
„თუ ადრე ტურისტის მიერ გაწეული ხარჯები შესაბამისობაში იყო მის მოლოდინთან, ახლა, როცა ჩამოდიან, სიურპრიზად გაზრდილი ფასები ხვდებათ: თუნდაც რესტორნებში, ექსკურსიებსა თუ სხვა სერვისებში.
სტუმრებისგან უკუკავშირი ის არის, რომ შეიძლება, დასახარჯად იყვნენ ჩამოსულები, მაგრამ მაინც, რეალობა უფრო ძვირი დახვდათ, ვიდრე ელოდებოდნენ. მით უმეტეს, მათთვის, ვინც ბრუნდება და პირველად არ ჩამოდის.
მე ნახევრად ლატვიაში ვცხოვრობ და ქუჩაში ვისაც ვხვდები, თითქმის ყველა ნამყოფია საქართველოში, თან ბევრი წლის განმავლობაში და ყველას კომენტარი ეს არის, რომ საქართველო უყვართ, ძალიან მოსწონთ ყველაფრით, მაგრამ ადრე თუ ორჯერ ნაკლებს ხარჯავდნენ, ახლა უკვე სხვა ევროპულ მიმართულებებს ადარებენ. ძვირია ავიაბილეთებიც და შემდეგ ის ყველაფერი, რაც ტურისტს სჭირდება - ყავით დაწყებული, რესტორნით დამთავრებული, ყველაფერი ეძვირებათ“, - ამბობს თამარ ბაღდავაძე BMG-სთან.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, პირველი კვარტლისგან განსხვავებით, რომელიც ირანში მომხდარი მოვლენების გამო ჯავშნების მასობრივი გაუქმებით დაიწყო, მაისიდან სექტორში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება - მაისის, ივნისისა და ივლისის თვეებში სასტუმროების დატვირთულობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ასევე, გაზრდილია ინტერესი ევროპიდან, სომხეთიდან და სლავური ქვეყნებიდან. ტურისტები სულ უფრო ხშირად იყენებენ დამატებით სერვისებს, როგორიცაა კვება (Food & Beverage) და ქალაქის ტურები.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები 4.5%-ით, ხოლო ტურისტული ვიზიტები 2.7%-ით შემცირდა.
მეორე კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 1 564 142 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.5%-იანი კლებაა.