
"ვაჭრობის მოტივაცია კვლავ უცვლელია"|რით ხსნის ენერგეტიკული ბირჟა დაბალ აქტივობას?
ენერგეტიკული ბირჟის ანგარიშის თანახმად, ელექტროსადგურების დერეგულირების პარალელურად იზრდება ბირჟაზე გასაყიდად ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის რაოდენობა, თუმცა ბირჟაზე ვაჭრობის მოტივაცია კვლავ უცვლელია.
ანგარიშში, რომელიც აჯამებს დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობას 2026 წლის პირველ ნახევარში, ამის მიზეზად ის არის დასახელებული, რომ საათობრივი დაბალანსების და უბალანსობაზე შესაბამისი პასუხისმგებლობა არ არსებობს.
"ელექტროენერგიის ბირჟაზე გაყიდვა კანონმდებლობით შეზღუდულია სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებულ და მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე სადგურებისთვის, ასევე შეზღუდულია იმპორტის შეთავაზება ბირჟაზე. ელექტროსადგურების დერეგულირების პარალელურად იზრდება ბირჟაზე გასაყიდად ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის რაოდენობა, თუმცა ბირჟაზე ვაჭრობის მოტივაცია კვლავ უცვლელია საათობრივი დაბალანსების და უბალანსობაზე შესაბამისი პასუხისმგებლობის არარსებობის პირობებში", - წერია ანგარიშში.
2026 წლის პირველ ნახევარში, დღით ადრე ბაზარზე, მონაწილეებმა 41,196 მგვტ.სთ ელექტროენერგია ივაჭრეს, რაც 2025 წლის იმავე პერიოდის რაოდენობის (94,904 მგვტ.სთ) ნახევარზე ნაკლებია.
"2025 წელს აქტიური ვაჭრობა აპრილში დაიწყო და ივნისის ბოლომდე შეუჩერებლად გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ 2026 წელსაც მარტის მეორე ნახევარში დაიწყო მიწოდების განაცხადების განთავსება, ვაჭრობა არ შემდგარა აპრილსა და ივნისის მეორე ნახევარში.
მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი ჰიდროელექტროსადგურების გაზრდილი წარმოების შესაძლებლობებით იყო გამორჩეული და ამავდროულად, ელექტროენერგიის ექსპორტი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული საექსპორტო ბაზრებზე დაბალი ფასების გამო, გაზრდილი მიწოდება არ გადაითარგმნა ბირჟაზე ვაჭრობის გაზრდაში. აღნიშნულის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო წარმოების შეზღუდვასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, მათ შორის შეზღუდვა არსებული გაყიდვის ხელშეკრულების არსებობის პირობებში",- აღნიშნულია ანგარიშში.