
"ვერ წარმომიდგენია, შენ თვითონ მოუარო გზას და შენვე შეამოწმო"|რა რისკებს ხედავს ბიზნესი სახელმწიფო კომპანიაში
ქართულ-ავსტრიული კომპანია „კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიის” დირექტორიs ტიტე ჯიშიაშვილის განცხადებით, გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნის თაობაზე ინფორმაციამ ბიზნესსექტორში თავიდანვე უკმაყოფილება და გაურკვევლობა გამოიწვია.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა, კერძო კომპანიებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ოპერირებენ გზების მოვლა-შენახვის ბაზარზე, ამ ინიციატივაში პირდაპირი საფრთხე დაინახეს.
კერძო სექტორის შიში - სახელმწიფო, როგორც კონკურენტი
„პირველ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია მოვისმინე, ნამდვილად მქონდა ბევრი შეკითხვა. მოვლა-შენახვის კომპანიების წარმომადგენლებთან საუბრისას მივიღე ისეთი პასუხები, რომლითაც დავინახე მათი უკმაყოფილება. პირველ რიგში, მათ დაინახეს ყველაზე დიდი კონკურენტი და საშიშროება იმისა, რომ მათი საქმიანობა ამაო დარჩებოდა. ის მილიონობით ლარის საინვესტიციო რესურსი, რაც მათ შარშან თუ შარშანწინ ჩადეს ახალი ტექნიკის შესაძენად, რისკის ქვეშ დადგებოდა“ - აღნიშნა ტიტე ჯიშიაშვილმა.
როგორც ცნობილია, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა საავტომობილო გზების შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის საფუძველზე სამ თვეში სახელმწიფო კომპანია დაიწყებს მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ ნაბიჯს გზების მართვის თანამედროვე, პრევენციულ მოდელზე გადასვლით ასაბუთებს, კერძო სექტორის ნაწილში ეს გადაწყვეტილება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
"ბაზრიდან გამოდევნის მიზანი არ არსებობს"|სახელმწიფო კომპანიას კერძო სექტორის დაქირავების უფლება ექნება
ტიტე ჯიშიაშვილი კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებს შორისაა, რომელიც გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს. მან “წერტილში” გააანალიზა ის რისკები, რაც სახელმწიფოს კომერციულ სექტორში შესვლას ახლავს თან და ყურადღება გაამახვილა არათანაბარ კონკურენციასა და ინტერესთა შესაძლო კონფლიქტზე.
მისი განცხადებით, მართალია, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განმარტა, რომ კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ რიკოთის რთულ მაგისტრალს (დაახლოებით 105 კმ-იან მონაკვეთს) მოემსახურება, ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ ბიზნესის გაფართოება ბევრად უფრო მარტივია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონული კერძო კონტრაქტორების შევიწროების რისკს ბადებს:
„სახელმწიფოსთვის გაცილებით ადვილია ბიზნესსაქმიანობის გაფართოება, ვიდრე კერძო სექტორისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება შრომობს და კაპიკს კაპიკზე ადებს, რომ რაღაც განვითარებას მიაღწიოს”, - აღნიშნა მან.
ინტერესთა კონფლიქტი: „შენ თვითონ მოუარო და შენ თვითონ შეამოწმო?“
ერთ-ერთი ყველაზე მწვავე არგუმენტი, რომელიც კომპანია „კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიის” დირექტორმა ინტერვიუში გააჟღერა, ხარისხის კონტროლისა და ზედამხედველობის სისტემას ეხება. დღეს არსებული მოდელით, ტენდერში გამარჯვებულ კერძო კომპანიას დამოუკიდებელი საზედამხედველო კომპანია ამოწმებს, თუმცა როდესაც საქმე სახელმწიფო შემსრულებელს ეხება, მისი თქმით, კონტროლის მექანიზმი ბუნდოვანი ხდება.
“თუ სახელმწიფო კომპანია იქნება შემსრულებელი, ვინ უნდა იყოს შემმოწმებელი?! სახელმწიფოს, ალბათ, საზედამხედველო კერძო კომპანია ვერ შეუმოწმებს. მაშინ გამოდის, რომ თვითონვე მოუწევთ ხარისხის დადასტურება და მე ამ ნაწილში ვხედავ დიდ ინტერესთა კონფლიქტს. ვერ წარმომიდგენია, შენ თვითონ ააშენო (ან მოუარო), შენ თვითონ შეამოწმო და მერე გადაწყვიტო, კარგია თუ ცუდია,“ - განაცხადა „კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიის“ დირექტორმა და იქვე დასძინა, რომ ეს მოდელი პასუხისმგებლობის საკითხსაც ბუნდოვანს ხდის.
კადრების გადინების რისკი
ინფრასტრუქტურის სამინისტროს არგუმენტზე, რომ რიკოთის უღელტეხილი სპეციფიკური და კომპლექსური ინჟინერიაა, რასაც კერძო სექტორის რესურსი არ ყოფნის, ტიტე ჯიშიაშვილი პასუხობს, რომ საინჟინრო სფეროს მუშაობისთვის მხოლოდ ძვირად ღირებული ტექნიკა საკმარისი არ არის - მთავარი ადამიანური კაპიტალია. სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილი დაფინანსება კი, შესაძლოა კერძო სექტორიდან კადრების „გადაბირების“ მიზეზი გახდეს.
„მარტო ტექნიკა არ არის ეს ყველაფერი, ძალიან სპეციფიკურია საინჟინრო სფერო. ამ დარგს სჭირდება კონკრეტული სპეციალისტები; მაშინ გამოდის, რომ ეს ყველა სპეციალისტი უნდა გადავიდეს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში... თუ ჩვენ ვიხდით, პირობითად, 5 ლარს, სახელმწიფოს შეუძლია 25 ლარი გადაიხადოს და საქართველოში დღეს ისე არავის ულხინს, რომ ამაზე უარი თქვას”, - თქვა მან.
რაც შეეხება იმას, რომ სამინისტრო არ გამორიცხავს სახელმწიფო კომპანიის მიერ კერძო სექტორის ქვეკონტრაქტორებად აყვანას, ტიტე ჯიშიაშვილის აზრით, აქ უკვე იკარგება პროექტის პირვანდელი ლოგიკა.
„თუ მხოლოდ ქვეკონტრაქტორად ვიქნებით და ძირითად საქმეს სახელმწიფო გააკეთებს - ეს არ არის განვითარება. ბიზნესი ვითარდება თავისუფალ გარემოში... თუ პირობითად ვინმემ მოიგო 10-მილიონიანი ტენდერი, მას შეუძლია მეტი ტექნიკა შეიძინოს, რომ შემდგომ უფრო დიდ პროექტებს მოემსახუროს”, - თქვა მან.
რას უჭერს მხარს ბიზნესი? - ტექნიკის ბაზა და საბჭოთა სტანდარტების დასასრული
მიუხედავად კრიტიკისა, ტიტე ჯიშიაშვილი მიესალმება იდეას, რომ სახელმწიფოს გააჩნდეს ძლიერი ტექნიკური რეზერვი ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის, თუმცა არა - ყოველდღიურ კომერციულ ოპერირებაში ჩასართავად.
„სახელმწიფოს ჰქონდეს თავისი ტექნიკური ბაზა, რომელსაც განსაკუთრებით სტიქიების ან გადაუდებელი საჭიროებების შემთხვევაში ნებისმიერ ტერიტორიაზე გადაისვრის - ამას ძალიან მიესალმები. უნდა გყავდეს ძალიან ძლიერი ბაზა, მათ შორის ისეთი ტექნიკით, რომელიც საქართველოში არცერთ კერძო კომპანიას არ ჰყავს. ხოლო რაც დაგეგმილია და რასაც სხვა კომპანია ასრულებს, იქ დავტოვოთ ბიზნესი და არ დავარღვიოთ კონკურენცია,“ - განმარტა მან.
ინტერვიუს დასასრულს, ტიტე ჯიშიაშვილმა დადებითად შეაფასა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე ძალისხმევა სამშენებლო სექტორში ევროპული სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დარგის მთავარი გამოწვევა მოძველებული რეგულაციებია.
რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში? - „GOST და SNiP (GOST და SNiP საბჭოთა კავშირში შემუშავებული სტანდარტების სისტემაა) სტანდარტებს უნდა დავუსვათ წერტილი! ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ჩემს სფეროში. ჩვენს ქვეყანაში თუ რამე ხარისხს ეხება და ჭიანურდება, ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ არ გვაქვს თანამედროვე ევროპული ნორმები და დაჯარიმების სისტემა. ამ მიმართულებით მინისტრი და მისი გუნდი ძალიან აქტიურია და ნამდვილად მადლობელი ვარ”, - განაცხადა ტიტე ჯიშიაშვილმა.
BM.GE
წყარო: bm.ge