
ვის ეკუთვნის მოდის გლობალური იმპერია? - ყველაზე მდიდარი დინასტიები
გლობალური მოდის ინდუსტრია კოლოსალური ფინანსური მანქანაა, რომლის წლიური გაყიდვებიც 2 ტრილიონ დოლარს უახლოვდება. თუმცა მაღალი მოდის ჩვენებების, დიზაინერული ლოგოებისა და სწრაფი მოდის ციებ-ცხელების მიღმა მარტივი რეალობა იმალება: სტილის სამყაროს უდიდეს სახელებს - Zara-დან დაწყებული, Chanel-ითა და Louis Vuitton-ით დამთავრებული - მილიარდერ ოჯახთა ძალიან ვიწრო წრე აკონტროლებს.
ვის ეკუთვნის გლობალური მოდის იმპერია? - გაგაცნობთ მსოფლიოს ათ ყველაზე გავლენიან და მდიდარ დინასტიას.
10. პინოების ოჯახი (The Pinault family)
რეიტინგის მეათე საფეხურზე ფრანგული ფუფუნების გიგანტის, Kering-ის მფლობელი პინოების დინასტიაა, რომლის ქონებაც $29.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ფრანსუა პინომ ბიზნესი 1963 წელს ხე-ტყით ვაჭრობით დაიწყო, თუმცა 1999 წელს Gucci-ის საკონტროლო პაკეტის შეძენის შემდეგ კომპანია მოდის ინდუსტრიაში აღმოჩნდა. დღეს ოჯახი Kering-ის დაახლოებით 42%-სა და ხმის უფლების უმრავლესობას ფლობს. ბიზნესს კი ახლა ფრანსუას ვაჟი, ფრანსუა-ანრი პინო უძღვება.
9. ნაიტების ოჯახი (The Knight family)
ამერიკული სპორტული გიგანტის, Nike-ის უკან მდგარი ნაიტების ოჯახის ქონება $31 მილიარდს აღწევს. ეს ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ისტორიაა: ფილ ნაიტმა ბიზნესი 1964 წელს მინიმალური კაპიტალით დაიწყო და იაპონური სარბენი ფეხსაცმლის იმპორტს საკუთარი მანქანის საბარგულიდან ახორციელებდა. დღეს Nike-ი წელიწადში $46 მილიარდის შემოსავალს აგენერირებს და მსოფლიოს ყველაზე ღირებული სპორტული ბრენდია. თავად ფილ ნაიტმა 2016 წელს, კომპანიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ის ოჯახთან ერთად კვლავ ინარჩუნებს Nike-ის 21%-იან წილსა და მართვის სადავეებს.
8. პერსონების ოჯახი (The Persson family)
H&M-ის, შვედური მოდის იმპერიის მფლობელი პერსონების ოჯახის ქონება $34 მილიარდის აღემატება . ერლინგ პერსონის მიერ 1947 წელს დაარსებული H&M-ი ქალის ტანსაცმლის ერთი პატარა მაღაზიიდან გლობალურ ჯგუფად გადაიქცა, რომელიც დღეს ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა COS-ი, Arket-ი, Cheap Monday და სხვა. დღეს კომპანიის აქციების 66%-ს სწორედ პერსონები აკონტროლებენ. დინასტიის მთავარი ფიგურა დამფუძნებლის ვაჟი, სტეფან პერსონია, რომელთან ერთადაც სიმდიდრეს ოჯახის სხვა წევრებიც ინაწილებენ.
7. ბრენინკმეიერების ოჯახი (The Brenninkmeijer family)
ნიდერლანდური ფესვების მქონე ბრენინკმეიერების დინასტიის სიმდიდრე $41 მილიარდს შეადგენს. ოჯახმა სელის ქსოვილებით ვაჭრობა ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს საცალო ქსელად - C&A-დ გარდაქმნა, რომელიც კლემენს და აუგუსტ ბრენინკმეიერებმა 1841 წელს დააფუძნეს. ოჯახმა ბიზნესი უძრავი ქონების, კერძო კაპიტალისა და აქტივების მართვის სფეროებშიც გააფართოვა. ამ უზარმაზარ ქონებას ოჯახის ათობით ნათესავი ინაწილებს, რაც ხსნის, თუ რატომ ჩნდება გვარი ინდივიდუალურ მილიარდერთა სიებში ასე იშვიათად.
6. დელ ვეკიოების ოჯახი (The Del Vecchio family)
იტალიის უმდიდრესი მოდის კლანი, დელ ვეკიოების ოჯახი, $54.6 მილიარდის ქონებას ფლობს. მათი წარმატება სათვალეების გლობალურ მონოპოლისტს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ Ray-Ban-ის მფლობელია, პარალელურად კი მზის სათვალეებს აწარმოებს ისეთი ლუქს-ბრენდებისთვის, როგორებიც Prada, Chanel და Arman-ია.. ლეონარდო დელ ვეკიოს მიერ 1961 წელს მცირე სახელოსნოდან დაწყებული ბიზნესი დღეს $94 მილიარდად შეფასებულ გიგანტად არის ქცეული. ოჯახი კომპანიის მესამედს აკონტროლებს, ქონება კი ლეონარდოს ქვრივ ნიკოლეტა ძამპილოზე, მის ექვს შვილსა და სიძეზე ნაწილდება.
5. იანაის ოჯახი (The Yanai family)
იაპონური რითეილის სიმდიდრის მწვერვალზე იანაის ოჯახი იმყოფება, რომლის კაპიტალიც $61.8 მილიარდ დოლარს უტოლდება. ტადაში იანაის მიერ 1984 წელს დაარსებულმა კომპანიამ, Fast Retailing-მა, ბრენდი Uniqlo თავისი ხელმისაწვდომი და მინიმალისტური ბაზისური სამოსით მსოფლიო ფენომენად აქცია. იანაის ოჯახი $22-მილიარდდოლარიანი წლიური ბრუნვის მქონე კომპანიის მესამედზე მეტს ფლობს, ბიზნესის მომავალში კი დამფუძნებლის ვაჟები სულ უფრო წამყვან როლს თამაშობენ.
4. ვერტჰაიმერების ოჯახი (The Wertheimer family)
ძმები ალენ და ჟერარ ვერტჰაიმერები, რომელთა ერთობლივი ქონებაც $79 მილიარდი დოლარია, საფრანგეთის ერთ-ერთ უდიდეს ბრენდს - მოდის სახლ Chanel-ს ფლობენ. ეს ლუქს-იმპერია საუკუნის წინ შეიქმნა, როდესაც მათმა ბაბუამ, პიერ ვერტჰაიმერმა, 1920-იან წლებში ლეგენდარულ „კოკო“ შანელთან დაიწყო პარტნიორობა. დღეს ალენი Chanel-ის თავმჯდომარეა, ჟერარი კი საათების მიმართულებას ხელმძღვანელობს. ძმები საჯაროობასა და მედიას გაურბიან, თავისუფალ დროს კი საკუთარ ვენახებსა და საჩემპიონო დოღის ცხენებს უთმობენ.
3. ორტეგას ოჯახი (The Ortega family)
ესპანური დინასტია, რომლის სათავეშიც ამანსიო ორტეგა დგას, $161 მილიარდიანი ქონების მფლობელია. ამანსიომ და მისმა ყოფილმა მეუღლემ, როსალია მერამ, 1975 წელს შექმნეს Zara, რომელმაც დაბალფასიანი, თუმცა დახვეწილი სამოსით მთელი პლანეტა დაიპყრო. დღეს მათი ჰოლდინგი Inditex-ი ასევე აერთიანებს Massimo Dutti-ს, Pull&Bear-ს, Bershka-სა და Stradivarius-ს, წლიურად კი ათეულობით მილიარდის ბრუნვას აგენერირებს. ამანსიო კომპანიის თითქმის 60%-ს ფლობს, მისი ქალიშვილი სანდრა დედისგან მემკვიდრეობით მიღებულ წილს განკარგავს, ხოლო უმცროსი ქალიშვილი, მარტა ორტეგა 2022 წელს ჰოლდინგის თავმჯდომარე გახდა.
2. ერმესების ოჯახი (The Hermès family)
საფრანგეთის უძველესი და ყველაზე ექსკლუზიური მოდის სახლის, Hermès-ის მფლობელი ოჯახის ქონება $167.7 მილიარდ დოლარს აღწევს. ლეგენდარული Birkin-ის ჩანთების, აბრეშუმის შარფებისა და უმაღლესი ხარისხის ტყავის ნაწარმის შემქმნელი ბრენდი 1837 წელს ტიერი ერმესმა პარიზში დააფუძნა, როგორც ცხენოსნობის აღჭურვილობის სახელოსნო. კომპანიის ორ მესამედს დღესაც დამფუძნებლის შთამომავლები აკონტროლებენ. მათი კოლოსალური სიმდიდრე ათეულობით ნათესავსა და კერძო ჰოლდინგზეა განაწილებული, მოდის სახლის კომერციულ და შემოქმედებით მიმართულებებს კი მეექვსე თაობის წარმომადგენლები, ბიძაშვილები აქსელ და პიერ-ალექსის დიუმები მართავენ.
1. არნოების ოჯახი (The Arnault family)
მოდის სამყაროს უდავო ლიდერი ფრანგი ბერნარ არნოს ოჯახია, რომლის ქონებაც კოლოსალურ $171 მილიარდ დოლარს შეადგენს. არნოები სათავეში უდგანან LVMH-ს - ფუფუნების საგნების უდიდეს კონგლომერატს, რომელიც Louis Vuitton-ს, Dior-ს, Tiffany-სა და 70-ზე მეტ სხვა მაღალი კლასის ბრენდს აერთიანებს. LVMH-ის წლიური შემოსავალი $94 მილიარდს აჭარბებს, ხოლო მისი ფლაგმანი Louis Vuitton-ი პლანეტის ყველაზე ძვირადღირებულ მოდის ბრენდად მიიჩნევა. ბერნარ არნო და მისი ოჯახი ჯგუფის ნახევარზე მეტს აკონტროლებენ, დამფუძნებლის ხუთივე შვილი კი კონგლომერატის სხვადასხვა საკვანძო პოზიციაზეა გადანაწილებული, რაც იმპერიის მემკვიდრეობის გარშემო დიდ ინტერესს იწვევს.
BM.GE
წყარო: bm.ge