
Visa-მ ჩინეთის საბანკო ბარათების ბაზარზე შესვლის ნებართვა მიიღო
ამერიკული საგადახდო სისტემის გიგანტმა, Visa-მ ჩინეთში საბანკო ბარათების მოსამზადებლად ოფიციალური ნებართვა მიიღო.
როგორც ირკვევა, ქვეყნის მარეგულირებელმა კომპანიას მოსამზადებელი სამუშაოების დასასრულებლად ერთწლიანი ვადა განუსაზღვრა. ამ ეტაპის გავლის შემდეგ ის ადგილობრივი საგადახდო ოპერაციების დასაწყებად ლიცენზიის მოთხოვნას შეძლებს.
სან-ფრანცისკოში ბაზირებულმა კორპორაციამ მიღებულ გადაწყვეტილებას ჩინეთის ბაზრის მიმართ გრძელვადიანი ერთგულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, რაიან მაკინერნიმ კი აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის კონსტრუქციული და სტაბილური ურთიერთობების გამყარებას შეუწყობს ხელს
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ანალიტიკოსები პეკინის ამ ნაბიჯს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის გამართული მოლაპარაკებების პოზიტიურ შედეგად მიიჩნევენ. საკონსულტაციო კომპანია The Asia Group-ის წარმომადგენლის, ჯორჯ ჩენის შეფასებით, ჩინეთის ხელისუფლებას ამერიკული ბიზნესისთვის ხელშესახები პროგრესის დემონსტრირება ლიდერების ნოემბრის დიდი ოცეულის სამიტამდე სურს.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა Visa-სთვის ჩინეთის ბაზრის გახსნის საკითხი მაისში, პეკინში ვიზიტის დროს პირადად წამოჭრა. ამასთან, თეთრ სახლში გამართულ ოფიციალურ მიღებას კომპანიის ხელმძღვანელი სხვა ამერიკელ ბიზნესლიდერებთან ერთად ესწრებოდა.
ცნობისთვის, ჩინეთის შიდა ბაზარზე ბარათების გამოყენებით ოპერაციებს ერთობლივი საწარმოების მეშვეობით Mastercard-ი და American Express-ი უკვე ახორციელებენ.
BM.GE
წყარო: bm.ge