კადრები, ადგილობრივი პროდუქციის ფასი... - რა აწუხებს გასტრონომიის სექტორს?
“ბალანსის” თანადამფუძნებელი ნუცა სურგულაძე ამბობს, რომ გასტრონომიის სექტორს დღესდღეობით ძირითადად კადრებთან და ადგილობრივ პროდუქციასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, გასტრონომიის სააგენტოს წარმომადგენლებთან შეფმზარეულების შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
მისი განმარტებით, ძირითადი პრობლემა კადრების კვალიფიკაცია და რაოდენობა, ასევე ადგილობრივი პროდუქციის მაღალი ფასი და არასტაბილური მიწოდებაა.
"[გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოსთან შეხვედრაზე] ძირითადი გზავნილები დღეს ჩვენი დარგის წინაშე მდგარ პრობლემებს შეეხებოდა. შეფებისგან ყურადღება გამახვილდა კადრების კვალიფიკაციასა და სასწავლებლებზე - აღინიშნა, რომ გვჭირდება განახლებული სასწავლო პროგრამები, რომლებიც მეტად ხელშეწყობილი იქნება. საუბარი დიპლომების საკითხსაც შეეხო. კვალიფიციური კადრების რაოდენობაც პრობლემაა. ამბობენ, რომ იყვანენ ისეთ კადრებს, ვისაც არ უსწავლია, რადგან ვისაც სწავლა დამთავრებული აქვს, მაღალ ხელფასს ითხოვს, ან უბრალოდ არ აქვს ისეთი პრაქტიკული ცოდნა, რომ რესტორანში მუშაობა ან მართვა შეძლოს. შეხვედრაზე ასეთი კომენტარიც გაჟღერდა: "კურსები აქვთ გავლილი, მაგრამ ბრინჯის მოხარშვა არ იციან".
ასევე, საუბარი შეეხო პროდუქციის ფასსა და მიწოდებას. შეფებს ქართული პროდუქციის შეძენა სურთ, თუმცა მომწოდებლებს ფიზიკურად არ აქვთ მიწოდების შესაძლებლობა - პროდუქცია ერთ დღეს არის, მეორე დღეს კი აღარ, ან ძალიან ძვირია", - ამბობს ნუცა სურგულაძე.
მისი თქმით, დარგს გამოწვევების გადაჭრასთან დაკავშირებით კომუნიკაციის გაგრძელების მოლოდინი აქვს.
ცნობისთვის, გასტრონომიის ეროვნულმა სააგენტომ შეფმზარეულებთან შეხვედრა გამართა, სადაც დარგის განვითარების შესაძლებლობები განიხილა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული კულინარიისა და დარგის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრის მონაწილეები სააგენტოსთან რეგულარული კონსულტაციების ფორმატში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
