ევროკავშირის სამიტი შეთანხმების გარეშე დასრულდა - შვიდმა ქვეყანამ მოლაპარაკებებს ბოიკოტი გამოუცხადა
წევრ სახელმწიფოებს შორის მწვავე უთანხმოებისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას მიდგომებით უკმაყოფილების ფონზე, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი მომავალ მრავალწლიან ბიუჯეტზე შეთანხმების გარეშე დასრულდა.
Politico-ს ცნობით, დანიამ, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ავსტრიამ, ფინეთმა, შვედეთმა და ბელგიამ კოშტას მიერ შეთავაზებულ მცირე ჯგუფებში მოლაპარაკებების ფორმატს ბოიკოტი გამოუცხადეს. დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, ამ ქვეყნების ლიდერები დისკუსიების მიმდინარეობით უკმაყოფილონი არიან, რის გამოც მთავრობების ნაწილი მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლას, სხვა შუამავლის ჩართვას ან ევროკომისიის როლის გააქტიურებას მოითხოვს.
ინფორმაციისთვის, ევროკომისიამ თავდაპირველად დაახლოებით €2 ტრილიონის მოცულობის ბიუჯეტი წარადგინა. ანტონიუ კოშტამ ამ მოცულობის €204 მილიარდით შემცირების ინიციატივა წამოაყენა, თუმცა საბიუჯეტო ეკონომიის მომხრე ქვეყნები ბიუჯეტის დაახლოებით €250 მილიარდით შეკვეცას მოითხოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ დავის კიდევ ერთი საგანი თავდაცვის ხარჯები გახდა. ამ მიმართულებით დაფინანსების €39 მილიარდით შემცირების წინადადებას ბალტიის ქვეყნების ლიდერები კატეგორიულად შეეწინააღმდეგნენ. ლიეტუვის პრეზიდენტმა გაიტანას ნაუსედამ საკუთარი ქვეყნის თავდაცვის სოლიდურ ხარჯებსა და უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეს კულბერგსმა კი განაცხადა, რომ თავდაცვის დაფინანსების შემცირება რუსეთს სახიფათო სიგნალს გაუგზავნის.
უთანხმოების გამო, ევროკავშირის ლიდერებმა მოლაპარაკებების დაგეგმილ მეორე დღეზე უარი თქვეს. მომავალ ბიუჯეტთან დაკავშირებული მთავარი დისკუსია დეკემბრის სამიტზე გაიმართება.
