
ვისი ინიციატივით მომზადდა მიკრობანკების კანონში ცვლილებები? - შოთა ბერეკაშვილის პასუხი
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, მიკრობანკების მარეგულირებელ ჩარჩოში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი ამოცანა ბაზარზე კონკურენციის გაზრდა, ახალი მოთამაშეების შემოყვანა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი საპროცენტო განაკვეთების უზრუნველყოფაა.
კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების პროცესზე კითხვა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ დასვა. დეპუტატი დაინტერესდა, კანონპროექტში ცვლილებები უშუალოდ სექტორის მოთხოვნით მომზადდა თუ პარლამენტის ინიციატივა იყო და როგორ მიმდინარეობდა კონსულტაციები.
ბერეკაშვილის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობისას კომიტეტმა დეტალურად შეისწავლა სექტორი და შეხვედრები გამართა როგორც უშუალოდ ბაზრის მონაწილეებთან, ისე ეროვნულ ბანკთან.
"ჩვენ შევისწავლეთ სექტორი, გვქონდა შეხვედრა როგორც უშუალოდ სექტორთან, ისე ეროვნულ ბანკთან. ჩვენი მთავარი მიზანია, როგორმე გავზარდოთ კონკურენცია, აღნიშნული ცვლილებების მიზანი კი ბაზარზე უფრო მეტი მიკრობანკის შემოყვანაა, რათა კონკურენცია გაჯანსაღდეს.
თვითონ ის მომენტი, რომ ახლა მიკრობანკების ზედამხედველობისა და რეგულირების დონე უკვე დაუახლოვდა ჩვეულებრივი ბანკების რეგულირების დონეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთთან უფრო მეტ კონკურენციაში შევლენ. სექტორი კიდევ უფრო მეტად გაჯანსაღდება და საშუალება გვექნება, რომ მაღალი კონკურენციის პირობებში მომხმარებელმა უფრო ხელმისაწვდომი საპროცენტო განაკვეთი მიიღოს.
კონკრეტულად კომიტეტის ჩართულობა იყო შეხვედრა გვქონდა სექტორთან, ასევე ეროვნულ ბანკთან და შევეცადეთ, მაქსიმალურად ისეთი ცვლილებები მიგვეღო, რაც ხელს შეუწყობდა საფინანსო სექტორის გაჯანსაღებასა და გამჭვირვალობის ზრდას. ეს გახლავთ ჩვენი მიდგომა", - განაცხადა ბერეკაშვილმა.
BM.GE
წყარო: bm.ge