
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მელანია ტრამპი უმაღლესი ჰუმანიტარული ორდენით დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი უმაღლესი ჰუმანიტარული ჯილდოთი, თავადის ქალ ოლღას ორდენით დაასაჩუქრა.
შესაბამისი განკარგულება სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, ჯილდო ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედის უკრაინისადმი ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, აქტიური უფლებადამცველი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, ასევე რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული, დეპორტირებული და იძულებით გადაადგილებული ბავშვებისა და მოქალაქეების გადარჩენაში შეტანილი პირადი წვლილისთვის გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად უკრაინის პრეზიდენტის სახელმწიფო ჯილდო „ოქროს გული“ პირველი ლედის უფროს სპეციალურ მრჩეველს, მარკ ბეკმანს მიენიჭა. ბეკმანმა ჯილდო უკრაინის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ხელშეწყობისთვის დაიმსახურა.
ცნობისთვის, მელანია ტრამპმა დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული მისიის ორგანიზებასა და ცეცხლის ლოკალურ შეწყვეტაში შუამავლის როლი შეასრულა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდება და მოქალაქეების ევაკუაცია შესაძლებელი გახადა.
BM.GE
წყარო: bm.ge