
ყოველთვის არ იქნება ისეთი გარემო, სადაც ქაღალდზე ეკონომიკურ ზრდას მივაღწევთ|ზაზა ბროლაძე
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და სარეიტინგო სააგენტოები საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებსა და პერსპექტივებს აუმჯობესებენ, თუმცა ადგილობრივი ეკონომისტები ქვეყნის ეკონომიკის მომავალს სკეპტიკურად უყურებენ - ზაზა ბროლაძე ერთ-ერთი მათგანია.
მისი თქმით, „საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და სარეიტინგო კომპანიები ეკონომიკის ხარისხს კი არ ამოწმებენ, არამედ ძირითადად ქვეყნების გადახდისუნარიანობას აფასებენ და პროგნოზებსაც ამის მიხედვით აკეთებენ. თუმცა ამ „ბედნიერ ციფრებთან“ ერთად, სავალუტო ფონდის მისიამ საკმაოდ ბევრი რისკი დაასახელა: ახლო აღმოსავლეთისა და რუსეთ-უკრაინის ომები, ევროკავშირთან დაძაბულობა, ჭარბვალიანობა და ჰეჯირების გარეშე გაცემული სესხები, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ეროვნული ბანკის მმართველობა. ჩვენ ეს რისკები უფრო უკეთ ვიცით, რადგან აქ ვცხოვრობთ და ყველაფერი საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი“, - განაცხადა ზაზა ბროლაძემ.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ეკონომისტმა განმარტა, თუ რატომ არ ემთხვევა „ბედნიერი რიცხვები“ მოსახლეობის რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. მან ასევე აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიური დინამიკა დროებითია და ის მოქალაქეთა კეთილდღეობაზე არ აისახება.
„ეს ციფრები ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ სხვა პარამეტრებიც გვაქვს - ვხედავთ, როგორ ცხოვრობს ხალხი და საქმე ასე ბედნიერად არ არის. ეკონომიკური ზრდა ადამიანის კეთილდღეობაზე არ აისახება - ამას არც ეკონომისტობა სჭირდება და არც ჩასაფრებული პოზიციიდან ვსაუბრობთ. საგარეო რისკები დიდია, ეს საქართველოზე არ არის დამოკიდებული, ყოველთვის ვერ გაგვიმართლებს და ყოველთვის არ იქნება ისეთი გარემო, სადაც ეკონომიკურ ზრდას ქაღალდზე მივაღწევთ“, - აღნიშნა ეკონომისტმა.
ზაზა ბროლაძის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში რეფორმატორული ნაბიჯები არ იდგმება და არც უარესი სცენარებისთვის მზადება მიმდინარეობს.
„ახალი არაფერი ხდება - მივყვებით დინებას, ვისარგებლეთ შექმნილი სიტუაციით და უარესი სცენარისთვის მზადება არ მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში, ვერ ვხედავთ ასეთ მზაობას. თუ აქვთ ეს სცენარები და მერე არსენალიდან გადმოიღებენ, ძალიან კარგი იქნება და შევაფასებთ შემდგომში“, - განაცხადა ზაზა ბროლაძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge