
“ყველა ჯარიმა სასამართლოში წავიღეთ…”- რა პირობებში ოპერირებს თხევადი გაზის სექტორი?
თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის ინფორმაციით, დედაქალაქში მოქმედი 200-მდე გაზგასამართი სადგურიდან რამდენიმე ათეული საერთოდ გაჩერებულია, 100-ზე მეტი ბიზნესოპერატორი კი საჯარიმო სანქციების ქვეშაა.
მიზეზი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის დადგენილებაა, რომლის მიხედვითაც 2026 წლის პირველი იანვრიდან გარკვეულ საცხოვრებელ ზონებში ჯართის, მეორადი საბურავების, ადვილად აალებადი და ფეთქებადი მასალების განთავსება აიკრძალა.
თხევადი გაზის სექტორში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილებები მათ არ ეხებათ და ადგილი აქვს საკრებულოს დადგენილების არასწორ ინტერპრეტაციას.
„თხევადი გაზის ასოციაციის“ ხელმძღვანელის თქმით, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების სადგურების ექსპლუატაცია ჯერ კიდევ 2014 წლიდან მოქმედი დადგენილებით რეგულირდება.
მუნიციპალიტეტის მერიასთან არშემდგარი თანამშრომლობის შემდეგ ბიზნესი დაკისრებულ ჯარიმებს,სასამართლოში ასაჩივრებს და ამ გზით ცდილობს დაამტკიცოს, რომ მათ მიმართ არასამართლიან მიდგომას აქვს ადგილი.
“ვოპერირებთ ისე, რომ სადგურების ნაწილი დაკეტილი გვაქვს, გარკვეული ნაწილი გვყავს ჯარიმის სანქციების ქვეშ, რომელიც გავასაჩივრეთ მერიაში, მაგრამ სავარაუდოდ უარი მივიღეთ ყველა გასაჩივრებულ ობიექტზე და ყველა ჯარიმა წავიღეთ სასამართლოში. სასამართლო პროცესები ჯერ არ არის ჩანიშნული, ჩაინიშნება და გვაქვს სამართლიანი სასამართლოს იმედი. ის კანონი, რომელიც 2020 წელს არის მიღებული და ამოქმედდა 2026 წლიდან, ჩვენ არ გვეხება. ჩვენ, ანუ ნახშირწყალბადებს, გვაქვს თავისი განმარტება, თავისი რეგულაცია, თავისი კანონები, რომელშიც ნათლად წერია, როგორ უნდა იყოს მათი მოხმარება, განთავსება და რეალიზაციის წესები. ის კანონი კი, რომელიც არის მიღებული, ეხება მეორად ავტომობილებს, მეორად საბურავებს, აალებად და ფეთქებად ნივთიერებებს - ეს არის სხვა რეგულაციისთვის მიღებული კანონი და სხვა მიზნებისთვის. ამ შემთხვევაში თხევადი გაზი საერთოდ არ არის იქ მოხსენიებული.
თითქმის ყველა ობიექტი დაჯარიმებულია, რომელიც არ არის დაკეტილი, მუშაობს სანქციის ქვეშ”,-აცხადებს BM.GE-სთან ნიკა ხოფერია.
ჯარიმების დაკისრებით შექმნილ ფინანსურ წნეხს ემატება ისიც, რომ რუსეთიდან LPG-ის შემოტანა გართულდა. სექტორში ამბობენ, რომ იმპორტი უკვე გაძვირდა 15%-მდე, რაც ბუნებრივია თხევადი გაზის ფასზე დამატებით წნეხს ქმნის. ამ ეტაპზე 1 ლიტრი თხევადი გაზის ღირებულება 1,60-დან 1,70 თეთრამდეა.
“ძალიან გართულებულია რუსეთიდან იმპორტი, იმიტომ რომ რუსეთს თვითონ აქვს დიდი პრობლემები. LPG არის ჩვეულებრივი ნავთობპროდუქტი, ისევე როგორც ბენზინი და დიზელი. ამ რთულ გზას გადიან ქართველი ბიზნესმენები, რომ შემოიტანონ ეს პროდუქტი, რათა ქართული ბაზარი იყოს უზრუნველყოფილი.
რასაკვირველია, საბოლოო წნეხი გადადის მომხმარებელზე და ფასზე. ნებისმიერი ჯარიმა, რომელიც აისახება კომპანიაზე, საბოლოო ჯამში აისახება ფასზე. რაც შეეხება იმპორტს - როგორც გაძვირდება რუსეთში, ისე აისახება საქართველოზეც. იქ არის დეფიციტი და ფასები იზრდება.
დღეს ჩვენთან ერთი ლიტრის ფასი არის 1.60-დან 1.70 ლარამდე. 1.70 ლარში უკვე გარკვეული ზრდა არის გათვალისწინებული”,-აცხადებს ნიკა ხოფერია.
მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია თბილისის სხვადასხვა ზონაში 2026 წლის 1-ლი იანვრიდან აიკრძალა. დადგენილების წესების დარღვევისთვის სანქცია 2500-დან 5000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
BM.GE
წყარო: bm.ge