ამერიკული Firebird AI სომხეთში მონაცემთა ცენტრების მშენებლობაში $8 მილიარდს ჩადებს
ამერიკული კომპანია Firebird AI სომხეთში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების კომპლექსის მეორე ეტაპზე დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ეს მანამდე გამოცხადებულ 4 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციასთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა.
ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ალექსანდრ იესაიანმა ერევანში გამართულ DigiTec 2026-ის კონფერენციაზე განაცხადა.
პროექტის მეორე ეტაპი ქალაქ ჰრაზდანში ხორციელდება და რვა მსხვილი მონაცემთა ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს. კომპლექსში განთავსდება 45 000 გრაფიკული პროცესორი (GPU) და დამატებით 25 000 გამოთვლითი მოწყობილობა. ახალი ინფრასტრუქტურა პირველი ეტაპის კომპლექსზე დაახლოებით 15-ჯერ დიდი იქნება.
კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობა უკვე დაწყებულია. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2027 წლის მარტისთვის იგეგმება, ხოლო ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება იმავე წლის ბოლოს არის დაგეგმილი.
იესაიანის შეფასებით, პროექტის სრულად ამოქმედების შემდეგ, 2028 წლიდან, მისმა ეკონომიკურმა ეფექტმა შესაძლოა სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 8-10% შეადგინოს. ამასთან, კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, პროექტიდან მიღებული მოგების გადასახადი და სხვა გადასახადები სომხეთის ბიუჯეტში გადაირიცხება.
პროექტის სამივე ეტაპის დასრულების შემდეგ Firebird-ის მონაცემთა ინფრასტრუქტურა სომხეთში 100 000-ზე მეტ მაღალტექნოლოგიურ გრაფიკულ პროცესორს გააერთიანებს. კომპანიის შეფასებით, ეს ქვეყანას ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი რესურსების თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვან ათეულში მოხვედრის შესაძლებლობას მისცემს.
