„ჩელსის“ ყოფილი თანამფლობელი ტოდ ბოელი „ლუკოილის“ უცხოური აქტივების მფლობელი გახდა
ამერიკელმა მილიარდერმა ტოდ ბოელიმ რუსული ენერგოკომპანია „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების შესყიდვაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. გარიგების განხორციელებას გეგმავს კონსორციუმი, რომელშიც ბოელის საინვესტიციო კომპანია Eldridge, ამერიკული საინვესტიციო ბანკი Xtellus Partners, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული Catena Investment Holding და აშშ-ის მთავრობის საინვესტიციო სააგენტო – საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) შედიან. ამის შესახებ Reuters წერს.
შეთანხმების მიხედვით, კონსორციუმი „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების სანაცვლოდ დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ფასიან ქაღალდებს გადასცემს. გარიგებაში ჩართული აქტივების პორტფელი, რომელიც დაახლოებით 40 ქვეყანაში ოპერაციებს მოიცავს, 16 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მასში შედის ნავთობის საბადოები, გადამამუშავებელი ქარხნები ნიდერლანდებში, ბულგარეთსა და რუმინეთში, ასევე ბენზინგასამართი სადგურების ფართო ქსელი.
პორტფელი მოიცავს ნავთობის მოპოვების ობიექტებს აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და კიდევ ცხრა ქვეყანაში. ამ საწარმოებში ნავთობის დღიური მოპოვება დაახლოებით 350 000 ბარელს შეადგენს. ფასიანი ქაღალდები, რომლებიც გარიგების ფარგლებში უნდა გადაიცვალოს, აშშ-ისა და ბრიტანეთის საინვესტიციო ფონდებისა და ამერიკული დეპოზიტარული ბანკებისგან არის შეძენილი. ისინი თავდაპირველად დასავლელ ინვესტორებს ეკუთვნოდათ, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაყინეს.
გარიგების ფარგლებში აშშ-ის მთავრობა, DFC-ის მეშვეობით, კონსორციუმის საკუთრებაში წილს მიიღებს, რაც მას კომპანიის მართვაში მონაწილეობისა და სამომავლო მოგების ნაწილის მიღების შესაძლებლობას მისცემს. აღნიშნული წილის ზუსტი მოცულობა ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, კონსორციუმის კერძო ინვესტორები თავდაპირველად საკუთარ კაპიტალსა და შეთანხმებულ უკუგებას დაიბრუნებენ, რის შემდეგაც აშშ-ის მხარე მოგების წილს მიიღებს.
შეთანხმება საბოლოო დასრულებამდე აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ნებართვას საჭიროებს. ტოდ ბოელის განცხადებით, გარიგების დასრულებას შესაძლოა ერთ წლამდე დასჭირდეს, რის შემდეგაც ახალ საწარმოს სახელწოდებაც შეეცვლება.
