სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთი კომერციული საბანკო დაწესებულების სალაროს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვადასხვა დროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ თანხას – ჯამში 800 000 ლარამდე, რომელიც პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს
